სურსათის ეროვნულ სააგენტოში, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 464 ბენეფიციარია დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქარაში, სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ. მინისტრებმა სოფლის ტეროტორიაზე განთავსებული აზიური ფაროსანას მონიტორინგის სადგურები დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

 

სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აღსრულებაში იღებენ მონაწილეობას.

 

ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში (რაჭა, იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა საქმიანობა მოიცავს: სპეციალისტებთან ერთად, მავნებლის რიცხოვნობისა და გავრცელების არეალის დადგენას; ოპერატორებთან ერთად, წამლობების ღონისძიებებში ჩართულობას; დაგეგმილ წამლობებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას; სპეციალისტების დახმარებას მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების პროცესში.

 

„პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ დასაქმების პროგრამას, სურსათის ეროვნული სააგენტო მყისიერად გამოეხმაურა. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 500-ზე მეტი ვაკანსიაა და დღეის მდგომარეობით 464 ადამიანია ჩართული. ისინი მოტივირებულნი არიან, ძალიან კარგ და სასარგებლო საქმეს აკეთებენ,” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის, ფაროსანას წინააღმდეგ, დაახლოებით, 105 000 ჰექტარია დამუშავებული, განთავსებულია 56 000-ზე მეტი სპეციალური სადგური, რომელთა მონიტორინგსაც სწორედ ამ პროგრამაში ჩართული ადამიანები ახორციელებენ.

 

როგორც დასაქმების პროგრამის ბენეფიციარი სოფიო ჩიტაიშვილი ამბობს, დასაქმების შედეგად, მას და პროგრამაში ჩართულ სხვდასხვა ასაკის, მათ შორის, უფროსი თაობის ადამიანებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდათ და ამავდროულად სტიმულიც, რადგან სასარგებლო საქმეს აკეთებენ და მოსახლეობას ეხმარებიან.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სისტემაში დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებისთვის 532 სამუშაო ადგილია განსაზღვრული. დღეისათვის, უკვე დასაქმებულია სოციალურად დაუცველი 464 პირი (იმერეთი – 170, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140, აჭარა – 38, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 60, გურია – 56). წლის ბოლომდე, სააგენტო, დამატებით, სოციალურად დაუცველ 68 მოქალაქეს დაასაქმებს.

 

დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.

Back to top button