საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრი სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ ცეცხლის გავრცელების არეალი უშუალოდ დაათვალიერეს და საგანგებო შტაბის წევრებისგან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით მან გუშინ ადგილზე მოინახულა სტიქიის ზონა სამომავლო რისკების შეფასების მიზნით, თუ რამდენად საჭირო იყო თავდაცვის ძალების ჩართვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მისივე თქმით, ამჟამად დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების რისკი აღარ არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ამჟამად, სტიქიის ზონაში საქართველოს თავდაცვის ძალები პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა. სამხედროები სპეციალური ტექნიკის – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.