როგორ შევინარჩუნოთ ეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი – მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, ნახეთ, რა ხდება აშშ-ში, ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა, ინფიცირებულების რაოდენობა არის ასევე ძალიან მაღალი, დღეში აქვთ 100 ათასი შემთხვევა, მაგრამ აშშ-ის მთავრობაც, ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და თქვეს, რომ ქვეყნები აღარ ჩაიკეტება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეიძლება, წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვები დაწესდეს, მაგრამ ქვეყნის და ეკონომიკის გაჩერების ფუფუნება არ გვაქვს.
„ამის გაკეთების უფლება არ აქვს აშშ-ს, ნომერ პირველ, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს, არ აქვს ამის ფუფუნება გერმანიას, ევროპის დედაქალაქებს, დიდ ბრიტანეთს და ა.შ ჩვენ, მით უმეტეს, ჯერ კიდევ ღარიბმა და ძალიან მცირე ეკონომიკის ქვეყანა, როგორ შეიძლება, განვიხილოთ მკაცრი ლოქდაუნები. ის ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აგრესიულ კამპანიას აწარმოებდნენ, რომ გაგვეხსნა ეკონომიკა, დღეს გამოდიან, რომ ჩავკეტოთ ეკონომიკა. ჩაკეტვაზე ადვილი რა არის?! ვერც ამაში გვაჯობებენ, გვაქვს ამის გამოცდილება. მაშინ მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი გადავკეტეთ. ღამე აეწყო ყველა გამშვები პუნქტი და პოლიციასთან და სუს-თან ერთად, მთლიანად ჩვენ ვუწევდით პროცესს კოორდინაციას. ამაზე ადვილი რა არის?! რა უნდა რესტორნების და სასტუმროების დაკეტვას, ან სხვა საწარმოების, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! რა თქმა უნდა, არა, ეს არის მავნებლური, ჩვენი ხალხის საწინააღმდეგო იდეა და ე.წ შემოთავაზება. ამის ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მიდგომა. ამას სჭირდება აქტიური ვაქცინაცია. ძალიან გამიხარდა, რომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მქონდა, უმრავლესობა უკვე აცრილი იყო, განწყობაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური. ბევრს, ჩვენს მოსახლეობას აქვს კიდევ გარკვეული სკეპტიციზმი, აცრასთან მიმართებაში. შეიძლება, ეს ინფორმაციის ნაკლებობაა, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მოსახლეობაში „ფეისბუქის” თუ სატელევიზიო საშუალებებით, მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და იმ გამოცდილ, ძლიერ სახელმწიფოებს, რომლებიც ამას წარმატებით მართავენ და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.