საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიღებული პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
პრემიერის თქმით, ევროპული პერსპექტივა, რომელიც ქვეყანამ ივნისში მიიღო, საქართველოსთვის ძლიერი მოტივაცია და ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა და ეს საკითხი მოგვარებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს არსებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისთვის. თუმცა, პრემიერის თქმით, პროცესში მსგავსი ჩართულობა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც აუცილებელია.
ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.
აღინიშნა, რომ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში წარმატების მიღწევას ვერ შევძლებთ ევროკავშირის ძლიერი დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გახდა, საქართველოზეც გავრცელდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ შესაძლებლობებს შექმნის.
მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ერთსა და იმავე პოლიტიკას ატარებს. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ არაღიარების პოლიტიკის რისკები ისე მაღალია, როგორც არასდროს და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის პაველ ჰერჩინსკის დანიშვნას და მასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.