„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს ევროპულობასა და პატრიოტიზმს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაშიც ხვდებიან, თუ დღეს არჩევნები ჩატარდება, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს.
„დღევანდელი ხელისუფლება ორ მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ეს არის პროევროპულობა და ეს არის პატრიოტიზმი. ამ ორი მნიშვნელოვანი თვისების ნაზავი უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, სწორედ ამას ხედავს „ქართულ ოცნებაში“ , რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს პატრიოტიზმს და ევროპულობას.
ყველაზე კარგი პასუხი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გასცა თავად მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მეორე დღეს, საკუთარი პოსტით, სადაც ის წუწუნებდა, რომ მის მოწოდებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მოჰყვა პირდაპირი დაცინვა. მე მგონი, თავად ეს იდეაც დისკრედიტებულია და ყველა კარგად ხვდება, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. თვითონაც ხომ ამბობენ, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებს, რატომ? ამ კითხვას, რატომ არავინ სვამს? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ, ამ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც უსაფრთხოების გამოწვევები იყო, „ქართული ოცნება“ იყო , რომელიც დადგა ქართველი ხალხის ინტერესების მხარეს.
კარგია, რომ გააცნობიერეს, რომ არჩევნებზე წარმატების შედეგი დღეს არ აქვთ. უნდა დაფიქრდნენ, რატომ არ აქვთ. რატომ აქცია ქართველმა ხალხმა მათ ზურგი, როგორც მაშინ იმ აქციაზე, როდესაც რადიკალური მოთხოვნები ჰქონდათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.