რამდენჯერ გადაიდო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნით, „დრო მოგვეცით, რომ შენიშვნები წარმოვადგინოთ“, გადავადდა და შენიშვნები ვერ წარმოადგინა ვერავინ, ვერანაირი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნული კანონმდებლობის მიღება არ არის ნაჩქარევი, რადგან კანონის ინიცირებიდან და განხილვებიდან 6 თვე გავიდა.
„ეს არის თითქოს ნაჩქარევი, რაც არ არის სწორი. დღეის მდგომარეობით 6 თვე გავიდა ამ კანონის ინიცირებიდან, განხილვებიდან, რამდენჯერ გადაიდო ეს პროექტი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნით, რომ დრო მოგვეცით, რომ შენიშვნები წარმოვადგინოთ, გადავადდა და შენიშვნები ვერ წარმოადგინა ვერავინ, ვერანაირი. ნული შენიშვნაა.
მათ შორის აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არის, თითქოს ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, სიტყვა- სიტყვით ეს წერია. მარტივი კითხვაა, რომელ ევროპულ სტანდარტს ეწინააღმდეგება ეს კანონი, იცით, ამაზე პასუხი რა არის? ნული, არანაირი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ არის, ვინაიდან არცერთ სტანდარტს არ ეწინააღმდეგება. ასევე საუბარია სტრასბურგის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება თუ არა და ა.შ. ყველაფერთან დაკავშირებით შინაარსზე როგორც კი მივდივართ, იქ პასუხი არის, რომ „არ ვიცით, მაგრამ იქნებ მეტი გეფიქრათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში აშშ-ის საელჩოს მიერ მოსმენების კანონთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების ის ნაწილი შეაფასა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს მოქალაქეების კონტროლს აიოლებს.
პაპუაშვილის შეფასებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში პოტენციურ დამნაშავეებზე და ეჭვმიტანილებზე ფარულ მიყურადებას და ამის საქართველოს მოქალაქეებთან გათანაბრება არასწორია.
“რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასამართლიანი განცხადებაა თავისი შინაარსით, ვინაიდან პასაჟი თითქოს პარლამენტი, საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული დემოკრატიულიო ინსტიტუტი გამიზნულად თითქოს მოქალაქეების კონტროლს აიოლებს, რა გითხრათ, ეს უბრალოდ არათუ სიმართლე არ არის, ეს არის დაბრალება ისეთი რამის, რომლის უკანაც საერთოდ არაფერი არ დგას. საუბარი გვაქვს ჩვენ იმაზე, რომ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესში პოტენციურ დამნაშავეებზე მოხდეს ფარული მიყურადება და პოტენციური დამნაშავეების და ეჭვმიტანილების გათანაბრება საქართველოს მოქალაქეებთან ეს მგონია არასწორი და ძალიან მიკვირს როგორ აღმოჩნდა ეს პასაჟი საერთოდ. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აშშ-ის საელჩომ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა ამ კანონპროექტის მიღების გადავადება თუნდაც იმის გამო, რომ უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობაში არ გაჩენილიყო კიდევ ერთი საკითხი რაც დისკუსიის თემა გახდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება და საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას მეგობრებისთვის ანგარიშის გაწევით ვერ მიიღებდა.
„საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებებს არ იღებს მეგობრობით, საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე მეგობრობით და ანგარიშის გაწევით კანონების მიღება – არ მიღების საკითხია. კონკრეტულად ეს საკითხი შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მეტი საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ და საფრთხეს ვერ გავზრდით, პირიქითაც, საფრთხის შემცირებაზე უარს ვერ ვიტყვით მხოლოდ მეგობრობით და ანგარიშის გაწევით.
კანონის მიღების დროს არის ორი გარემოება: ერთი ეს არის მიზანშეწონილობა ანუ სამართლებრივი პოლიტიკა, ჩვენ რა გვინდა გვქონდეს თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში და მეორე გახლავთ მისი სამართლებრივი დასაბუთებულობა. რამდენად ეწინააღმდეგება ის სამართლებრივად რომელიმე უფლებას, იჭრება თუ არა ზედმეტად რომელიმე უფლებაში და ა.შ.
ვენეციის კომისია და მათ შორის როცა პარტნიორებზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ რჩევებს, ვიღებთ რჩევებს სამართლებრივად რაიმე ხომ არ ხდება ისეთი, რომელიც ზედმეტად რომელიმე უფლებას ლახავს, ეწინააღმდეგება რომელიმე მიღებულ სამართლებრივ სტანდარტს. ეს არის ჩვენი და ჩემი პირადად მოლოდინი, როდესაც ვიღებთ რჩევა-რეკომენდაციებს ჩვენი პარტნიორებისგან. რაც შეეხება მიზანშეწონილობას, ეს არის პოლიტიკის განსაზღვრა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ზოგადად პარტნიორებთან ურთიერთობებშიც საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომ განსაზღვროს პოლიტიკა ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით ან თუნდაც საგამოძიებო მიმართულებით როგორი იყოს თუნდაც ფარული მიყურადების კუთხით საქართველოს პოლიტიკა. პოლიტიკასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერც ვენეციის კომისია გასცემს და რა თქმა უნდა, არც სხვა პირი, ვინაიდან ეს არის მიზანშეწონილობის საკითხი, რომელსაც წყვეტს ამ ქვეყნის ხალხი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მეშვეობით.
რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, აქ ჩვენ ვალდებულებაც გვაქვს საერთაშორისო, ვინაიდან ვართ ადამიანთა უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი სამართლებრივი სტანდარტი იყოს ამასთან შესაბამისი, ამიტომ ამაზე ჩვენ რჩევა-რეკომენდაციასაც ვიღებთ და ვალდებულიც კი ვართ, რომ გავითვალისწინოთ. რაც შეეხება პოლიტიკას და მიზანშეწონილობას, ეს გახლავთ სწორედ საპარლამენტო სუვერენიტეტი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პარლამენტი არის ერთადერთი ორგანო, რომელიც ლეგიტიმურია მოსახლეობის მხრიდან, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, პარლამენტი გადაწყვეტილებას მეგობრობით ვერ მიიღებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.