პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს, GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ესწრებოდა.

Back to top button