ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, ვიდრე ამ მიწაზე ქართველი კაცი იცხოვრებს, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით; საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი

პოლიტიკური კამპანიის პროცესში, ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ, ვიხსენებთ წარსულს, ვსაუბრობთ აწმყოსა და მომავალზე, არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩვენი ბნელი წარსული, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად დავასრულეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამეგრელოში ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა.

„ჩვენმა ძვირფასმა მეგრელებმა ძალიან ბევრ უსამართლობას და ჩაგვრას გაუძლეს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. არაერთი უსამართლობა, ადამიანების ტერორი, ჩაგვრა, ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, რომელზეც ზუგდიდელებმა და მეგრელებმა ღირსეულად, მტკიცედ თქვეს უარი. ჩვენმა ხალხმა არაერთ განსაცდელს გაუძლო. მე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდი ენგურის ხიდზე, სადაც კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩვენი ტკივილი, ჩვენი მოუშუშებელი იარა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკოსების „დამსახურება”, რომლებმაც თავის დროზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე. რა თქმა უნდა, ოკუპანტების წახალისებით, დღეს აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია. მანამ, ვიდრე ამ მიწაზე იცხოვრებს ქართველი კაცი, ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ეს არის ჩვენი მიზანი, ოცნება და ყოველდღიური საზრუნავი. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი ღალატი ჩაიდინეს პოლიტიკოსებმა, რომლებსაც თავის დროზე ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენ ყველამ ერთად გამოვუცხადეთ ნდობა და მივანიჭეთ ჩვენი ქვეყნის მართვის მანდატი – ჩააბარეს ოკუპანტებს, მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თავად ლაჩრულად გამოიქცნენ ომის ველიდან. შედეგად ჩვენ მივიღეთ დროებითი ოკუპაცია აფხაზეთთან ერთად ცხინვალის რეგიონის. 100-ზე მეტი ახალი სოფელი მოექცა ოკუპაციის ზონაში. დღეს ვიმყოფებოდით მესტიაში და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის მუხანათური, მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ასევე კოდორის ხეობის დროებით ოკუპაცია. ამ ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებს კვლავაც აქვთ სურვილი, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, ვინაიდან ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა ბრძენმა მოსახლეობამ, ხალხმა მტკიცედ უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას”. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ასეთი მოძალადეები ჯერ კიდევ აცხადებენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ აღარასოდეს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button