თბილისი IUSY-ს „მშვიდობის კომიტეტის’’ (PTN) დელეგაციას უმასპინძლებს

ქართული ოცნება / Georgian Dream-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, 20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის’’ (PTN) დელეგაციას უმასპინძლებს.

3 დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია თბილისს 20 სექტემბერს ეწვევა. დელეგაციას IUSY-ს გენერალური მდივანი ბრუნო გონსალვესი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება PTN-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას IUSY-ს წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები მიიღებენ. ,,მშვიდობის კომიტეტი” ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.

დელეგაციის წევრები საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ. შეხვედრები გაიმართება პარტიის ცენტრალურ ოფისშიც.

PTN-ის შექმნის იდეით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად 2017 წელს, IUSY-ს შავი ზღვის კომიტეტზე (BSAC) გამოვიდა. ასევე, ეს იდეა 2019 წელს თბილისში პრეზიდიუმისა და BSAC-ის კომიტეტზეც დაფიქსირდა.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის, როგორც საერთაშორისო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრის ინიციატივით, მსოფლიო კონგრესმა „მშვიდობის კომიტეტი’’ 2021 წელს დააფუძნა. კომიტეტი მუშაობას შეუდგა გაეროს მიერ აღიარებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული პოლიტიკური გაერთიანებაა და მასში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

 

Back to top button