2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება.
„ბატონო პრეზიდენტო,ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო,
ქალბატონებო და ბატონებო, ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ.
მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა.
2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა.
დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას.
ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.
„ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.