პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ვაშაძის განცხადება არის უმძიმესი პროვოკაცია, პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას, თან ლენდ-ლიზზეა საუბარი, ეს მართლა საოცრებაა- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ PalitraNews-ის ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
„ლენდ-ლიზი ჯერ მზადდება პროექტი, მერე მტკიცდება, მერე მოქმედებაში მოდის, ამას სჭირდება ნახევარი წელიწადი თითქმის, თვეები სჭირდება ყოველ შემთხვევაში. ლენდ-ლიზის დამტკიცება რუსეთის მხრიდან რა რეაქციას გამოიწვევდა ხომ წარმოგიდგენიათ. ეს შექმნიდა პირდაპირ საბაბს სამხედრო ინტერვენციისთვის. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთი ელოდება როდის შემოვა აქ დიდძალი შეიარაღება და მანამდე თავის სამხედრო მიზნების მიღწევაზე არ იფიქრებს?“- განაცხადა კობახიძემ.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოკერია, ვაშაძე და სხვები პირდაპირ ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ამზადებდა მეორე ფრონტს საქართველოში, რაც ჩვეულებრივი პროვოკაციაა. მისივე თქმით მნიშვნელოვანია ამერიკული მხარე გაემიჯნოს მსგავს განცხადებებს.
„პრაქტიკულად პირდაპირ დაადანაშაულა ვაშაძემ ამერიკული მხარე იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას, ეს დღესავით ნათელია, საზოგადოებამ ამაზე ბუნებრივია იმსჯელებს. მერე ამას მოჰყვა ვარიაციები, ბოკერია და ვიღაცები გამოვიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა მარტო იმაზე იყო საუბარი, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო შეიარაღება და შეგვეძინა დიდი ოდენობით მძიმე ტექნიკა, არამედ საუბარი იყო თურმე იმაზე, რომ ამერიკელები ითხოვდნენ ჩვენგან უკრაინელებისთვის იარაღის გადაცემას. ეს პირდაპირ მეორე ფრონტია ხომ? ბოკერია, ვაშაძე და სხვები გამოდიან და პირდაპირ ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ამზადებდა მეორე ფრონტს საქართველოში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვირჩევნია ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთ თემებზე ვესაუბროთ დახურულ კარს მიღმა.
ოთხეულმაც არ დასვა ეს კითხვა, ვაშაძემ და ბოკერიამ შემოიტანეს, მათ დაადანაშაულეს ამერიკული მხარე მეორე ფრონტის მომზადებაში. ასეთ დროს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული მხარე გაემიჯნოს ასეთ განცხადებებს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.