გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია; შესაბამისად, ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მიერ მონიჭებულ ევროპული პერსპექტივის სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს და ვფიქრობ, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო დროულად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობის საკითხი და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
ოთარ შამუგიამ პაველ ჰერჩენსკის ევროკავშირის დახმარებით გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„ჩემთვის განსაკუთრებით საპატიოა ვიყო ევროკავშირის ელჩი ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე საქართველოში. საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით. ასევე აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ევროკავშირი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და ჩვენ შევძლებთ საინტერესო შედეგების ერთად აღნიშვნას“,- განაცხადა პაველ ჰერჩენსკიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების, ბაზრების დივერსიფიკაციის, ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.