ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ძლიერად მოვიგოთ მოახოლოებული არჩევნები და შემდეგი სამი წელი გვქონდეს აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის წლები

ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ იქნება არავითარი განვითარება – არც სპორტის, არც სკოლების, არც ახალი კულტურის სახლების თუ სტადიონების, არც ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების, ხიდების, სკოლების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, მოახლოებულ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„მავანნი ცდილობენ, დააკნინონ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და როლი. ამ დროს ეს ასე არ არის, მოსახლეობა ირჩევს საკუთარ მმართველს ლოკალურ დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რომლებიც შემდგომი 4 წლის განმავლობაში საკუთარი მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და გამოწვევებს მოემსახურებიან. თითქმის ყოველ წელს, ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შვიდი არჩევნები, ხალხი მართლაც დაიღალა ერთი და იგივე საარჩევნო კამპანიებით და ამ რაღაც პოლიტიკური დუღილით. ახლა გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მოვიგოთ ძლიერად მოახოლოებული თვითმმართველობის არჩევნები და შემდეგი სამი წელი გვქონდეს რეალურად აღმშენებლობის, განვითარების და წინსვლის წლები საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ სოფლის მეურნეობის აღდგენას, აღორძინებას, ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში, მანამდე სოფლის მეურნეობას აბსოლუტურად არავინ აქცევდა ყურადღებას – იყო მოჩვენებითი, ფრაგმენტული, რაღაც გამოვლინებები, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეალური ინვესტირება და სოფლის მეურნეობის ძირეული, საფუძვლიანი აღორძინება, რომელიც ასევე დანგრეული იყო და ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო რეალურად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად.

„ადგილობრივი წარმოების განვითარებაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ, რომელითაც დაახლოებით ათასზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება. სოფლის მეურნეობის ამ პროგრამების გაფართოებით, უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა პროგრამებს, როგორიც არის “დანერგე მომავალი”, “შეღავათიანი აგროკრედიტი”, “აწარმოე საქართველოში” და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა, რომელიც უკვე წარმატებით არის აპრობირებული, ჩვენ მოსახლეობამ ამის თაობაზე უკვე იცის და ძალიან ბევრ ბენეფიციარს აქვს გამოყენებული აღნიშნული პროგრამა. მასშტაბი უნდა გავაფართოოთ – მაქსიმალურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავწეროთ ყველა ეს პროგრამა და თითოეულ რეგიონს, თითოეულ მუნიციპალიტეტს მოვარგოთ, იქ არსებული რესურსის და პოტენციალის გათვალისწინებით. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ავტომატურად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის დასაქმებას, მეტი დოვლათის და მეტი კეთილდღეობის შექმნას ჩვენი მოსახლეობისთვის, აი, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

Back to top button