ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები.
„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ის ღირებულებითი განსხვავება რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციისგან არის შემდეგი, ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორულად-ავტოკრატიულად, ღირებულებები ეს არის – ადამიანის უფლებებია, თავისუფლებაა, ქვეყნის სიყვარული და ა.შ. ვიმეორებ, ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე, თავისუფალი გარემო, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ გამიჯნულები, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები,”- აღნიშნა პრემიერმა.