,,ევროპას აქვს ყველანაირი კრიზისის გამკლავების უნარი. ამის დასტურია ის, რომ იტალიაში გაიმარჯვა პარტიამ, რომლის ლიდერმაც სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტად ისევ ოჯახი დაასახელა, ვინაიდან საფრთხე გაჩნდა, რომ მორალურ ქაოსს რელიგიის სტატუსი მიეცეს და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. მოვალეობა უფლების გარეშე დიქტატურაა, უფლება მოვალეობის გარეშე კი – მორალური ქაოსი, ორივე ერთად კი, უფლება-მოვალეობა, ჰარმონიაა,’’ – ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, საქართველო ევროპის ნაწილია, ამის დასტური კი, ევროპასთან საერთო ფასეულობებია. მისი თქმით, ძლიერი აღმოჩნდა ის გენეტიკური კავშირი, რომ სამყაროს ძირითადი ღირებულებები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ავტორის მიერ ერთ დიდ ჭეშმარიტებად გახმოვანდა, სწორედ ეს არის ის კულტურული კოდი, რომელსაც მარადიულობის ნიშანი ახლავს.
,,ევროპა ახლა თითქმის თეოკრატიული სახელმწიფოა, ოღონდ ტრადიციული რელიგიით კი არა, ახალი, მორალური ქაოსის რელიგიით. ამას დაუპირისპირდა იტალიის ახალი ლიდერი, რომელიც ძველი, მაგრამ მარადიული ფასეულობებით მოვიდა და მორალური ქაოსის საპირწონედ ოჯახი და ღმერთი დააყენა.
ლიბერალური დემოკრატია მრავალფეროვნების მშვიდობიანად მართვის ხელოვნებაა. ამიტომ არც ქრისტიანობა უნდა იქცეს ძალადობად. არც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ვემხრობი, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად არც მორალი უნდა გამოცხადდეს და არც მორალური ქაოსი. იტალიის ახალი პრემიერის გახმოვანებულ ფასეულობებს ზუსტად ეხმიანება ქართული ტრადიცია ილიასეული ტრიადით, რომელიც მარადიულია: “მამული, ენა, სარწმუნოება”. ეს სამი რამ არასდროს ძველდება და არც განახლდება.
როგორი ძლიერი აღმოჩნდა ის გენეტიკური და კულტურული კოდი, რომელიც მე-10 საუკუნეში ჯერ გიორგი მერჩულედან მოედინება: “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო”. ეს წინადადება მე-19 საუკუნის ენაზე რომ ვთარგმნოთ, იგივეა რაც “მამული, ენა, სარწმუნოება” და პირდაპირ კავშირშია იტალიის დღევანდელი პრემიერის ფრაზასთან – “ღმერთი, ოჯახი, სამყარო…” ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ საქართველო ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. როგორი ძლიერი აღმოჩნდა ის გენეტიკური კავშირი, რომ სამყაროს ძირითადი ღირებულებები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ავტორის მიერ ერთ დიდ ჭეშმარიტებად გახმოვანდა და დღეს, საუკუნის შემდეგ, დღევანდელ თანამედროვეობაში გაჟონა. ეს არის ის კულტურული კოდი, რომელსაც მარადიულობის ნიშანი ახლავს. სწორედ ამიტომ ვისწრაფვით ევროპისკენ,’’ – განაცხადა დავით მაღრაძემ.