ლევან დავითაშვილი: ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი პროგრამები სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

„ჩვენ ნათლად ვხედავთ მაღალი ინფლაციის გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, ვისზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფლაცია ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა პანდემიის პერიოდშიც და ახალმა კრიზისმა, რაც, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვების რღვევას და რუსეთ- უკრაინის ომს უკავშირდება, ის კიდევ უფრო გაამწვავა.

„მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია არ იყო წლების განმავლობაში აქტუალური – ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის ქვეყნებზე, სადაც ინფლაცია მრავალჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებლებს. საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან და ამის დასაძლევად კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 11 პროცენტიან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება”- აღნიშნა მინისტრმა.

Back to top button