ჩვენ დღეს დილით ვიმყოფებოდით ჩვენი პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სოფელ ხიბულაში მოვინახულეთ მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები გაატარა ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას – იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვა ყველას ახსენებს ქვეყნისა და ხალხისადმი პასუხისმგებლობას.
„ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი, ჩვენი ხალხის ბრალია, ჩვენი ბრალია, ჩემი და ყველასი, ვინც ვერ დავიცავით მაშინ პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ანუ არ მომხდარიყო ის სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა და ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ პოლიტიკოსების და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ისინი ვერ დაელოდნენ მომდევნო არჩევნებს და მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. ეს არის მწარე გამოცდილება და მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება, რადგან დღესაც ანალოგიურად, ჩვენ ვნახეთ სულ რაღაც 2-3 წლის წინ, ანალოგიური მცდელობაც იყო – ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა, იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 10 წლის წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ დავკარგეთ ეროვნული კაცი – ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და უამრავი სხვა ადამიანი შეეწირა ამ იდეას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაინგრა და მოიშალა ყველაფერი – ინფრასტრუქტურა, ფაბრიკა-ქარხნები, ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში და ქვეყანამ მიიღო სრული განუკითხაობა, კრიმინალების თარეში და კრიმინალები მართავდნენ საქართველოს 90-იან წლებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კრიმინალების ნაწილი დღესაც ისევ ძალადობს საზოგადოებაზე.
„მათი გამორჩეული სახეები, ვიცით ვის რიგებში არიან – ისევ რევანშისტული, რადიკალური პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის” რიგებში. ის ადამიანები, რომლებიც ესროდნენ პარლამენტს ტყვიას, ჩვენს მომავალს ესროდნენ და ანგრევდნენ, დღესაც ძალადობენ და დღესაც სურთ ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი მათ არჩევნების გზით აღარასოდეს მოუშვებს ხელისუფლებაში. ამიტომაც, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ” თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც გარე, ისე შიდა მტერს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება. ჩვენ მივდივართ მტკიცედ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.