„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, – ნათქვამია კობახიძის სამძიმრის ტექსტში.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.
დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ორი მოზარდიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე მოზარდი ექიმების დაკვირვების ქვეშ, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.