მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ პარტნიორებს ვესაუბრებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროპულ პერსპექტივებზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებზე და რა თქმა უნდა საუბარი გვაქვს იმაზე, რომ გერმანიის როლი და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში – განაცხადა ბერლინში სამუშაო ვიზიტით მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყრილობაზე არიან წარმოდგენილი ლიდერები პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მმართველი პარტიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები. მისივე თქმით, ბუნდესტაგის წევრები კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით.
„მათ აქვთ სათანადო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენ ბევრად უფრო ღრმა ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი და როგორ ვხედავთ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყრილობაზე არიან წარმოდგენილი ლიდერები პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მმართველი პარტიების ლიდერები, პრემიერ-მინისტრები და ბუნებრივია მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ევროპის გაძლიერების, ასევე საქართველოს როლის გამოკვეთის კუთხით საერთო ევროპულ ოჯახში. ამ პლატფორმას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებამდე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი.