მუდმივ რეჟიმში არიან დაკავებული საბოტაჟით და შეხვედრებზე როგორ საუბრობენ ძალიან კარგად ვიცით. იყო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი წევრებიც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. იქ ხომ არაფერი იმალება, პირდაპირ ჩვენი წევრების თანდასწრებით აწარმოებდნენ საბოტაჟს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” -ში ბრიუსელში ოპოზიციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოს წინააღმდეგ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებენ. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის ან ზურა ჯაფარიძის განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარია ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„როდესაც ზიხარ ევროპული ქვეყნის წარმომადგენელთან და საუბრობ იმაზე, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, არის ოლიგარქიული მმართველობა, კორუფცია, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ. მერე ბოლო მომენტში ამბობ, რომ ამის მიუხედავად მაინც მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, პირდაპირ ასეთი ტექსტები საუბრობენ ჩვენი თანდასწრებით და ჩვენ სადაც არ ვესწრებით იქ როგორ საუბრობენ, ხომ წარმოგიდგენიათ. ყველგან აწარმოებენ პირდაპირ მარკეტინგულ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის აბსოლუტურად ხელის გულზე და საჯაროდაც იმავეს აკეთებენ.
როცა ამბობენ, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, მერე რანაირად უნდა შეიტანო წვლილი კანდიდატის სტატუსის მიღებაში. თვითონ „ნაცმოძრაობა“ არის ჭანჭიკის ჭანჭიკის ჭანჭიკი, ვაშაძე კიდევ იმის ჭანჭიკი და ზურა ჯაფარიძე კიდევ იმის ჭანჭიკი და რა თქმა უნდა ფასი არ აქვთ მათ ამ განცხადებებს. ამაზე კი არ არის საუბარი, რომ ვაშაძეს ან სააკაშვილს ან ვინმეს შეუძლია ვიღაცის დარწმუნება ან გადარწმუნება, მე მათ სულისკვეთებაზე ვსაუბრობ. აქ მთავარია ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მთავარია ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იყოს ტექნიკური თვალსაზრისით სამართლიანი“ – განაცხადა კობახიძემ.