ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ: არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა, დანილოვმა, გონჩარენკომ თუ არახამიამ, რომელიც უკრაინელი ხალხის მსახურისა რა მოგახსენოთ და, სააკაშვილის მსახური ნამდვილად არის – საქართველო არცერთი მიზეზით და არაფრის დიდებით ომში არ ჩაერთვება, – ასე აფასებს ,,ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის მიხედვით, „უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს შველაზე“.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოსგან ომში ჩართვას მოითხოვდნენ, ამ განცხადების შემდეგ, კითხვის ნიშნები აღარ უნდა გაუჩნდეს.
„ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა ვერ იქნება შვება ვერავისთვის, როგორც ეს ომის დაწყებამდე დანილოვმა იკადრა და განაცხადა. თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოსგან პირდაპირ მოითხოვდნენ ომში ჩართვას და საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღებას, ამ განცხადებების შემდგომ კითხვის ნიშნები აღარ უნდა გაჩნდეს. ეს არის ღრმად პროვოკაციული და მტრული განწყობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრობს უკრაინასთან და ომის დაწყების დღიდან ყველა რესურსით, ყველა ფორუმზე უკრაინელ ძმებს უდგას გვერდით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას, დავით მათიკაშვილის თქმით, სურთ ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟონ, რომ კვლავ დაუბრუნდეს პოლიტიკას და ხელისუფლება, რომელიც არ ერთვება ომში, ომში ჩართონ.
„სურთ ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟონ, რომ კვლავ დაიბრუნოს პოლიტიკური ბერკეტები და ხელისუფლება, რომელიც არ ერთვება ომში, ომში ჩართონ. მაგრამ, არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანმა საკუთარი თავი გადადო ქვეყნისთვის 2012 წელს და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.