თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მე-3 ქვეით ბრიგადაში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. გრიგოლ გიორგაძემ, დავით ჭიჭინაძემ და გიორგი ხაინდრავამ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან ერთად ბრიგადის ტერიტორიაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახლადგარემონტებული ყაზარმა და სასადილო დაათვალიერეს. სტუმრები სასწავლო აუდიტორიაში სამხედრო მოსამსახურეებსაც მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე უნდა იმსახუროს.
თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს 2020 წელს, მისივე გადაწყვეტილებით, დაიწყო და ამჟამადაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარება 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. იგეგმება მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება. გასულ ორ წელიწადში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი.