გვაქვს ინფორმაცია ჩვენი წყაროებიდან იმის შესახებ, რომ მოლდოვაც აპირებს გადაიტანოს უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მცირე ადაპტაციით, ეს არის მოლდოვაში ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი და დეფინიცია განსხვავებული ვერ იქნება, თუ ვინმე ოლიგარქად არის მისაჩნევი უკრაინაში, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც.
„რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი უკრაინული კანონის შესაბამისად. მთავარი არგუმენტი იცით რაც არის – უკრაინაში მიიღეს კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს – ბუნებრივია, ქართულ კონტექსტზე არ არის მორგებული. შესაბამისად, ის ობიექტურ კრიტერიუმებს შეესაბამება – არ არის მორგებული არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე.
ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ გონივრულია, უკრაინული კანონის გადმოტანა. რა თქმა უნდა, მცირედი ადაპტაცია დაგვჭირდება, მაგრამ უკრაინულ კანონში პრინციპულადაა მოცემული ოლიგარქის ცნება და ღონისძიებები, რომელიც დეოლიგარქიზაციისთვის უნდა იყოს მიმართული. ოლიგარქი ყველა ქვეყანაში არის ოლიგარქი, ანუ დეფინიცია განსხვავებული ვერ იქნება.
თუ ვინმე ოლიგარქად არის მისაჩნევი უკრაინაში, იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც. ეს არის ობიექტური კატეგორია. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია უკრაინული კანონის გადმოტანა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.