საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაქიის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექს სოკოლოვსკი, ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე აარონ რუპერტი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.