,,მილიონობით ლარით გაძარცვეს ტელევიზია, რომელიც უნდა გადაეცათ რამდენიმე თვეში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კანონიერი მფლობელისთვის. 7 მილიონის ძარცვა, თუ ამერიკის ელჩისთვის გამოიყურება, როგორც არაფერი, როგორც კეთილშობილური მოვლენა,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
მისი თქმით, არავის არ აქვს უფლება ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
,,ეს ჩვენთვის გამოიყურება, როგორც მედიის წინააღმდეგ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, როგორც უმძიმესი დანაშაული. ჩვენ ვმსჯელობთ სამართლებრივი კატეგორიებით და ფაქტობრივი კატეგორიებით და არა აღქმებით. აშშ-ს საელჩოს განცხადება იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. არავის არ აქვს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. და როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, ერთ-ერთი მიზანი აქ შეიძლება იყოს კასაციაზე ზეგავლენის მოხდენაც.
როდესაც ასე ფასდება ამერიკის ელჩის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს ხომ უნდა ავიდეს კიდევ ზევით კასაციის დონეზე. როგორ შეიძლება, რომ ასეთი შეფასება გაკეთდეს ამერიკის ელჩის მხრიდან, აპელაციის შემდეგ. ეს ნებისმიერი იურისტისთვის არის ორჯერ ორი ოთხი.
ასეთი განცხადება ნიშნავს პირდაპირ და უხეშ ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ჩვენ პატივს ვცემთ სამართლის უზენაესობას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და, რა თქმა უნდა, იგივეს ვითხოვთ ნებისმიერი პარტნიორისგან, მათ შორის, ამერიკის ელჩისგან.
შეიძლება, ის არ არის იურისტი და არ იცის ამ დონეზე ეს პრინციპები, მაგრამ იურისტობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ შენ დაიცვა პარტნიორ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ეს არის, უკიდურესად მნიშვნელოვანი,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.