საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და დღეს სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიათ ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ამ ადამიანებს. აქეთ არის ილია ჭავჭავაძე და იქით ეკა გიგაური, როგორ შეიძლება ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება. წარმოუდგენელია, ესეც არის ბლეფი. ეს არის ჩვეულებრივი კლანი, რომელმაც მოახდინა ამ სახელის მონოპოლიზაცია- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვებზე მდიდრები არიან და ამ ფინანსური რესურსების წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე მათ კლანს უწოდებს, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი გააჩნიათ. მისივე თქმით, ისინი პირდაპირ ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნას, რაც არის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკაში.
„არის რამდენიმე მდიდარი ენჯეო და ისინი ქმნიან ერთობლივად კლანს. კლანი რა არის? ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც არიან შეკავშირებული გარკვეული ინტერესებით. ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ინტერესები, მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები და ფლობენ შესაბამის გავლენას არა რეპუტაციის ხარჯზე, არამედ ფინანსური რესურსების ხარჯზე, სხვებზე მდიდრები არიან და ამ ფინანსური რესურსების წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება.
როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ერქვას ამ ადამიანებს? საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია და ჩვენც ხანდახან ვეძახით მათ სამოქალაქო საზოგადოებას. ეს კლანი ახლა ვიღაცას ეძახის კლანს, სასამართლოში არის კლანი ამბობენ. ამ დროს, სინამდვილეში, კლანი არიან ისინი. მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, კეზერაშვილმაც აღიარა, რომ მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აფინანსებს ის, რა ფორმით და როგორ ეს კიდევ გარეთ არის გამოსატანი, მაგრამ ფაქტია რომ მან ეს აღიარა, და მათ აქვთ პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი. პირდაპირ იდგნენ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ე.წ ტექნიკური მთავრობის შექმნას და ეს არის პირდაპირი ჩართულობა პოლიტიკაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.