,,ფაქტობრივად, მე-6 თვე სრულდება, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვმუშაობთ და გარკვეული ზღვარი იქნა აღებული, რომ ამ საშემოდგომო სესიის ბოლოს, ანუ დეკემბრისათვის, ყველა ძირითადი კანონპროექტი უკვე მიღებული უნდა ყოფილიყო,’’ – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის პარლამენტი ნაყოფიერად მუშაობს, ხოლო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არაფერი გაუკეთებია, გარდა საქართველოს დაზიანების მცდელობისა.
,,ვინც ამ პროცესს აკვირდება, ხედავს, რომ პარლამენტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს და ყველა გრაფიკი და შინაარსობრივი მხარეც იქნება შესრულებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული და მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის. ამ 12 რეკომენდაციის შესრულება, არ მომხდარიყო.
კონკრეტულად, ამ სამეულის მიზანიც, შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, ერთი ტაქტიკური მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას, ამ მიმართულებით, სხვა არანაირი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვთ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ერთი სიტყვა არ შეუწევიათ რომელიმე კანონის შემუშავებაში.
თავიდანვე ბოიკოტში გავიდნენ ამ პროცესებისგან და თვიდანვე, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, აზიანებდნენ ამ პროცესს. მეორე არის, უკვე შიდა ოპოზიციური, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი, რაც ეხება იმას, რომ მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ კავშირი ამომრჩეველთან, მათი პოლიტიკური მიზნები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან და ძირითადად დაკავებული არიან, თუ დაშლის პროცესში მყოფი დასუსტებული ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობას ვინ შეითავსებს და განსაკუთრებით, ოლიგარქიული დაფინანსების წყაროები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი თუ ა.შ. გამომდინარე აქედან, არის ატეხილი ეს ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში და თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ და უფრო დიდი პატრიოტებად და ,,დიდი ევროპელებად’’, ამიტომ მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი აზრი ასეთია, რომ ამის შემდეგ იქნებ ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოექცნენ,’’ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.