„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ასე მოხდეს. არანაირი ლაპარაკი არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, თუმცა იყო დაფინანსების გარკვეული მოდელების გადახედვაზე. არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ჩაერთოს ომში“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს, სტაბილური პოლიტიკური გარემოს პირობებში, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარების რეალური პოტენციალი აქვს.
„თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება საქართველოსთვის და თუ მსგავსი პროექტები არ დაფინანსება, მაშინ 10%-იანი და 11%-ანი ზრდა კი არა, 15-20%-იანი გვექნება.
ამიტომაც თუკი აშშ-ის დახმარების ნაწილი შემცირდება, საუბარია 80 მილიონზე მეტზე, თუკი ამერიკელი ინსტრუქტორები არ დაიწყებენ ქართველი „ენჯეოშნიკებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების დატრენინგებას, [იმის შესახებ], თუ როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც მოგვცემს საშუალებას, კი არ გავაორმაგოთ, არამედ გავაათმაგოთ თავდაცვის ბიუჯეტი.
აშშ-ის ბიუჯეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით, ჩვენით დაგვეფინანსებინა ეს თავდაცვის ბიუჯეტი, თუმცა, მეორე მხრივ, როცა ლაპარაკია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს მართლა არაფერი აქვს დასამადლებელი. ჩვენ ვართ ერთგული, სანდო და პრინციპული პარტნიორები და ეს გამოჩნდა ყველა საერთაშორისო მისიაში. გამოჩნდა მათ შორის ავღანეთშიც, სადაც საქართველოზე დიდი წვლილი არავის აქვს შეტანილი. ეს გამოჩნდა ერაყში, კოსოვოსა და ცენტრალურ აფრიკაში. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს საქმე ისე, რომ მხოლოდ ხელი გავიშვიროთ დახმარებისთვის.
ჩვენ, როგორც სანდო პარტნიორებს, ძალიან დიდი როლი შეგვაქვს ნატოსა და ევროკავშირის მისიებში და ყველგან, სადაც მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ჩვენ, როგორც სანდო პარტნიორი, სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყანა, საკუთარ როლს ვასრულებთ. საქართველოს გავლით გადის ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობსადენები, სხვადასხვა სატრანსპორტო ტვირთი და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.