საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package – SNGP) სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა (NATO Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.