„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) რიგით XXVI კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
ესპანეთის დედაქალაქმა მსოფლიოს უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების მთავარ ღონისძიებას 25-27 ნოემბერს უმასპინძლა.
კონგრესის დელეგატებმა ახალ პრეზიდენტად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გენერალურ მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს.
სხვა ლიდერებთან ერთად კონგრესში მონაწილეობა მიიღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ და ევროპარლამენტის წევრებმა.
კონგრესმა პანელური დისკუსიების ფორმატში მსოფლიო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებების, ევროპის ენერგო უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ეკონომიკის შესახებ იმსჯელა.
ასევე, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და გაერთიანების სამომავლო სტრატეგიის პრეზენტაცია. დელეგატებმა კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე რეზოლუციები მიიღეს. კონგრესს დასკვნითი სიტყვით გაერთიანების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა მიმართა. საერთაშორისო სოციალისტების კონგრესამდე, გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმში. პრეზიდიუმზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად მიიწვიეს, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება.