ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი და ხსნა ამ მძიმე ვითარებისთვის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა, რომ შევქმნათ მაქსიმალური დოვლათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოკიდებული იმპორტირებული საქონლის დიდ რაოდენობაზე და ძალიან ბევრი იმპორტირებული საქონელი შემოდის. რა თქმა უნდა ეს, ერთის მხრივ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტირებულ საქონელს, მეორეს მხრივ შექმნის ახალ საწარმოებს, ქარხნებს, ფაბრიკებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. გვაქვს გეგმები, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, ახალი გზები, ხიდები. ჩვენ ახლა დავათვალიერეთ სწორედ რიკოთის მონაკვეთი, სადაც გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს. მართლაც, რომ იტყვიან ისტორიული პროექტი მიმდინარეობს. შენდება 96 ხიდი, 53 გვირაბი – მართლაც უნიკალური პროექტია თავისი სირთულით, თავისი მასშტაბებით, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას. 3 საათში მოქალაქე ჩავა თბილისიდან ბათუმში, რაც არის ძალიან დიდი კომფორტი ყველასთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განსავითარებლად.
„ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 24-საათიანი წყალი. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში არის სირცხვილი და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, მალე უნდა მოვაგვაროთ. გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც აუცილებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 მილიონი ლარის ღირებულების ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თქვენ გყავდათ და გყავთ ჯერ კიდევ მოქმედი მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ღირსეულად, ერთგულად, მთელი გულით და სულით ემსახურა ხარაგაულს და რომელიც ასეთივე ერთგულებით, თავდადებით ბოლომდე დაიხარჯება და გააგრძელებს ხარაგაულის და ხარაგაულელების მსახურებას. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვარჩევთ დიდი სიფრთხილით მერს, კანდიდატებს, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი. ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად, მეგობრებო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.