ირაკლი ღარიბაშვილი: ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება” არის ძლიერი ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძალადობს ყოფილი მოძალადე ხელისუფლება, რომელიც დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიული შანსიც კი არ აქვთ, 0% არსებობს მათი ხელისუფლებაში დაბრუნების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მათ როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც არის მათი ხელწერა.

„მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ „ქართული ოცნება” არის ძლიერი მტკიცე ხელისუფლება და ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას და არეულობას ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე ორიენტირებული, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასე, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და განვითარება. ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა და სტაბილური გარემო. ამისთვის საჭიროა ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პროგრამები და საქმე. ამ მიზნით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში”, „შეღავათიანი აგროკრედიტი”, „დანერგე მომავალი” და უამრავი სხვა, რითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა. ახლა ჩვენი მიზანია, ეს პროგრამები მაქსიმალურად გავაფართოოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მოიცვას მთელი ქვეყანა და თანაბრად განვავითაროთ, თითოეული ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი კონკურენტი არის სწორედ გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

Back to top button