„მედიიდან გამუდმებით ისმის ცილისმწამებლური განცხადებები – იმის შიშით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვწამოს, მედიასთან მიმართებით, ბევრ რამეზე თავს ვიკავებთ“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.
მისივე თქმით, საჭიროა, საქართველოში ამოქმედდეს ისეთივე რეგულაციები, როგორებიც აშშ-სა და საფრანგეთშია.
„მeდიასთან მიმართებით, ბევრი რამ ზედმეტად დემოკრატიულია. იმის შიშით, რომ ვინმემ რამე არ დაგვწამოს, უკვე ყველაფერი ზღვარს, ჩარჩოებს გასცდა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წერენ უცხოელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, რომელიც რეალურად არ არსებობს და ამას პირდაპირ აშუქებენ.
ქვეყანაში პარალელური ინფორმაციები არსებობს. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ისეთი კანონი გვჭირდება, როგორიც აშშ-ში ან საფრანგეთშია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი ოპოზიციის არსებობაა, რომელიც „აგენტოკრატიას“ აყალიბებს და ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. „პოლიტიკური სტაბილურობა ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის ხელშესახები და მნიშვნელოვანია. რატომ არ გვაძლევენ საშუალებას, სტაბილური პოლიტიკური გარემო გვქონდეს? სკანდალს ხელოვნურად რატომ აგორებენ და რატომ არ სურთ, განვვითარდეთ? რადგანაც ჩვენ სუვერენულობის მეტი შესაძლებლობა გაქვს.
თუ ოპოზიცია შენი გაძლიერებით არის დაინტერესებული, პირველ რიგში, ამაში უნდა გაგაძლიეროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. ისინი „აგენტოკრატიას“ აყალიბებენ, მათი მსაჯული კი – შარლ მიშელია. თუ არ ვიბრძოლებთ, ეს მუდმივად გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.