ირაკლი კობახიძე: ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის

ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ, მიეწოდებინა უკრაინისთვის გენერატორები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს მაღალი სიმძლავრის გენერატორებს და არა ე.წ. დვიჟოკებს, ხოლო მაღალი სიმძლავრის გენერატორები საქართველოში არ იწარმოება.

„რაც შეეხება გენერატორებს, საზოგადოების წინაშე წარმოადგენენ ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. დვიჟოკებს. ხალხს რომ ვკითხე, მეუბნებიან, რა გახდა „დვიჟოკების“ გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“. ამ დროს, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, მადრიდის „რეალმა“, რომელიც არის რამდენიმემილიარდიანი ბრუნვის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს გაეცინა ამაზე, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში, საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არის. ჩვენ შეიძლება, ფინანსურად დავეხმაროთ გენერატორების საყიდლად უკრაინას. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ საუბარი არის რაზე, რომ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, ჰგონიათ, რომ უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები“, რაც არის ტყუილი. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში არ იწარმოება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, სადმე სხვა ქვეყანაში შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და მერე გავგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ ხომ არანაირი არც პრობლემა გვქონდა. პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი ძალიან დიდია.

„ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, სასპეკულაციოდ საერთოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა. ჩვენ არანაირი დაბრკოლება… პირიქით, მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button