საქართველოს უახლეს ისტორიას არაერთი პოლიტპატიმარი ახსოვს და უამრავი პატიმრობის ისტორია, ხმაურიანი დაპატიმრებით დაწყებული, ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობით დამთავრებული. ამ ყველაფერთან ერთად, იყო წნეხის პირობებში, ქონების ჩამორთმევის ფაქტებიც, არა მხოლოდ გათავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას პატიმრობის ისტორია განსხვავებულია.
მირცხულავა 4 წელი და ერთი თვე იხდიდა სასჯელს ჯერ მე-7 საპყრობილეში, შემდგომ კი ე.წ. „რეზბალნიცაზე“, სადაც თვითმხილველი იყო უამრავი სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის. მის ციხის საავადმყოფოში ყოფნას დაემთხვა ე.წ. „ციხის ბუნტი“, როცა განურჩევლად ჩახოცეს არა მარტო ისინი, ვინც პროტესტი გამოთქვა, არამედ მძინარე პატიმრებიც.
სააკაშვილის ხმაურიანმა პატიმრობამ დავით მირცხულავას დაპატიმრების პერიოდი გაგვახსენა, როცა ყოფილი მაღალჩინოსანი რანდენჯერმე გახდა ცუდად და გულის შეტევით, ბადრაგის თანხლებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მალევე უკან დააბრუნეს.
როგორ აფასებს ამ გადასახედიდან განვლილ პერიოდს, რა აზრის არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობაზე და ეთანხმება თუ არა სულხან მოლაშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოლაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით? – ამ საკითხების ირგვლივ for.ge გთავაზობთ ინტერვიუს დავით მირცხულავასთან.
– საკმაოდ მძიმე პატიმრობა გქონდათ, სააკაშვილის რეჟიმის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეთ. როგორ გაიხსენებდით პატიმრობის პერიოდს, შეიძლება ვთქვათ, რომ თქვენი პატიმრობის მიზეზი, გარკვეულწილად, თქვენი პროფესია გახდა?
– პროფესიიდან გამომდინარე ნამდვილად არ აღმოვჩენილვარ საპატიმროში. მე სხვა ადამიანებთან ერთად ვიყავი ე.წ. „მტრების“ სიაში შეყვანილი, რომელიც, ასე ვთქვათ, სასწრაფოდ უნდა დაეპატიმრებინათ. 2003 წელს ის ძალა, რომელიც შემდგომ ხელისუფლებაში მოვიდა, მუდმივად ადგენდა გარკვეული ადამიანების სიას და მეც ამ სიაში თავიდანვე მოვხვდი. უამრავი ადამიანი მოხვდა საპატიმროში, 300 000-ზე მეტი. აქ დანაშაულს ან უდანაშაულობას ნამდვილად არ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. თუ სიაში იყავი, აუცილებლად საპატიმროში უნდა მოხვედრილიყავი. სხვა მექანიზმიც მოიფიქრეს – ოფიციალურად ან არაოფიციალურად თანხის გადახდის შემთხვევაში, შეგეძლო თავისუფლებაც მიგეღო, პრივილეგიებიც და ა.შ. აი, ასეთი მეთოდით დაიწყეს ოპონენტებთან ბრძოლა, ანუ იმ ხალხთან, ვინც არ იზიარებდა მათ მსოფლმხედველობას, მათ ტაქტიკას, უბრალოდ, მათთან არ მეგობრობდა. არც მალავდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდებოდა ციხეში, გარკვეული ადამიანები ამას ელოდებოდნენ კიდეც. მეც მქონდა ეს განცდა, ვფიქრობდი, რაღაც სულელური ბრალდებით მოხდებოდა ეს და ასეც მოხდა. თუმცა, ვიმეორებ, საქმესთან ჩემს დაპატიმრებას კავშირი არ ჰქონია.
– თუ სწორად მახსოვს, ექსპრემიერ ნიკა გილაურის გვარიც ფიგურირებდა თქვენს საქმეში. მისი საჩივარი დაედო საქმეს საფუძვლად?
– არა. gილაურის საჩივარი ნამდვილად არ ყოფილა. საჩივარი საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი ჩვენება იყო გარდაცვლილი ადამიანის. საქმეში ცოცხალი მოწმეც კი არ მყოლია. აბსურდული საქმე იყო. ზოგადად, საქმეს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნებისმიერ რამეს მოიფიქრებდნენ, თუ გამიზნული იყო, რომ ეს ადამიანი ციხეში უნდა წასულიყო. მას ყველაფერს დააბრალებდნენ, ასეც იყო.
– დაპატიმრების შემდგომ გულის შეტევით მე-9 საავადმყოფოში გადაგიყვანეს. ავადმყოფ პატიმრებს როგორ გექცეოდნენ?
– მძიმე კარდიოლოგიური პრობლემებით შემიყვანეს საპატიმროში, საავადმყოფოდან გადამიყვანეს. დღეს, როცა საუბარია პატიმრის არასათანადოდ მკურნალობაზე, ჩემზე არა, იმ გარდაცვლილ ადამიანებზე ვამბობ, ვინც საპატიმრო გაიარა, იგივე სულხან მოლაშვილზე, ნამდვილად ცოტა შემხვედრია მასზე ჯანმრთელი ადამიანი, სანამ ის საპატიმროში მოხვდებოდა. შემდეგ კი მთელ საქართველოს ახსოვს მისი დიაგნოზი. ყველაფერი ხომ შედარებითია. ანდა ბ-ნი ჭანკვეტაძე, ქართულ ავიაციაში თუ ვინმეს დამსახურება ჰქონდა, ის იყო. 6 წელი გაატარა ციხეში, გამოვიდა და გარდაიცვალა. გამორჩეული ქართველი ენერგეტიკოსი შოთა მაისურაძე… რომელი ერთი ჩამოვთვალო. ახლახან გარდაიცვალა გენერალი კენჭაძე. რომ გადახედოთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც იმ პერიოდში საპატიმროში შევიდნენ და იქ იყვნენ ხანგრძლივად, ყველა დაავადებული გამოვიდა. ბევრი ვერ გამოვიდა, დაიღუპნენ. მახსოვს, სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის გამგებელი, სოსო ჭანტურია – მსგავსი ავადმყოფი ადამიანი არ მინახავს. თვეები ადამიანს სუნთქვაც უჭირდა, რეანიმაციული პაციენტი იყო, მას კი საპატიმროს არ ატოვებინებდნენ. ყოველ ერთ საათში სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, რეანიმაციაში იყო გადასაყვანი, მაგრამ ვერ გადაიყვანეს და საპატიმროში გარდაიცვალა. როცა საუბარია დღევანდელ საპატიმროზე, შედარებაც არ შეიძლება. ვინც მაშინ ის ჯოჯოხეთი გამოიარა, ყველა ძალიან მძიმე დაავადებებით გამოვიდა. შემიძლია დავით ქანთარია გავიხსენო, წალენჯიხის გამგებელი ურთულეს წლებში და შემდეგ ფოთის მერი, რომელსაც საერთოდ დაუნგრიეს ჯანმრთელობა. ორჯერ დაიჭირეს და დღეს ის დიალეზზეა, სწორედ ციხეში გატარებული არაადამიანური ყოფის გამო. თითო ოროლა დავრჩით იმ პერიოდის თანამდებობის პირებიდან ცოცხალი, ვინც საპატიმროში ვიყავით, დანარჩენი ყველა იმ ქვეყნად არის წასული.
–თანამდებობის პირებზეც იგივე სახით ხორციელდებოდა ღირსების შემლახავი მოპყრობა, ცემა, როგორც რიგით პატიმრებზე თუ იმათ, ვინც ფულს იხდიდა, არ ეხებოდნენ? მოლაშვილის წამების ფაქტი ყველასთვის ცნობილია და არა მარტო, მისი.
– უამრავი ასეთი ფაქტი იყო. იმ პერიოდში ციხეში ყოფნა, უკვე წამების ტოლფასი იყო. გახსოვთ, სულხანთან დაკავშირებული ფაქტი – ევროკომისიის გარკვეული ჯგუფი შემოვიდა მე-7 საპყრობილეში, მათიას იორში და ერთ-ერთი ბულგარელი დეპუტატი, რომელიც უჰაერობის გამო ცუდად გახდა და შემოსვლისთანავე ჩაიკეცა. მაშინ პირადად მიმართა სახალხო დამცველს ბ-ნ-მა იორშმა: აქ ადამიანებს, როგორ აჩერებთ, ჰაერი საერთოდ არ არისო. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გაჭრეს რამდენიმე ფანჯარა, რათა ჰაერით ესუნთქათ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, ოპერაციის შემდეგ დრენაჟებით წამიყვანეს ისევ საპატიმროში. როცა, პროფესორი გოგა ფიფია, რომელიც ხელმძღვანელობდა ქირურგიულ განყოფილებას, ეუბნებოდა – ექიმი ვარ და დამიჯერეთ, არ შეიძლება ამის ტრანსპორტირება და გადაყვანა. ოპერაციიდან გამოყვანილი ადამიანის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებაო, გოგას უთხრეს – მაშინ თქვენც წაგიყვანთ მასთან ერთადო. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო. ციხის საავადმყოფოში არასდროს იყო წამალი. ექიმების უამრავი მცდელობის მიუხედავად, პატიმრების გადარჩენის საშუალება არ იყო – მედიკამენტები არ ჰქონდათ. გაუთავებლად იყო სტაციონარში შემოსვლა, ხელკეტებით ცემა და უბედურება, გაშიშვლება ყინვაში. შუაღამეზე შემოვარდნა და პატიმრის გაყვანა წესად იყო. ცდილობდნენ, როგორმე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ხომ არ ვიყავით იმ პერიოდში დღევანდელი „ჩინოვნიკებივით“ განსაკუთრებულ ციხეში, არც ერთი იმ პერიოდის მთავრობის წევრი, ცალკე ციხეში არ ვიყავით. ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივ ყველა კატეგორიის პატიმართან ერთად, ზონა იყო თუ ციხე. დღეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ცალკე ციხე და კამერა უნდათ. საერთო ციხეში შესვლაზე ისტერიკებს ტეხავენ. ცალკე ციხეს, ფაქტობრივად, ცალკე კამერებს, ნომრებს უშენებენ. მადლობა ღმერთს, რომ ასე ექცევიან. ის სისასტიკე და ჯოჯოხეთი, რაც იმ პერიოდში იყო, არასდროს უნდა განმეორდეს. როცა ადამიანები ამას ივიწყებენ, ეს არის საშინელება. ყველა ციხეში იმ პერიოდში იყო უჰაერობა, სიბინძურე, ანტისანიტარია და მუდმივად ადამიანზე ძალადობა. იგონებდნენ, თვითონ „დგამდნენ“ ციხეში არეულობას, ბუნტს და ადამიანებს ხოცავდნენ და ა.შ. რომელი ერთი ფაქტი მოგიყვეთ, რა ვიცი, გახსენებაც მიჭირს.
– თქვენი სასამართლო პროცესებიდან ვიცი, რომ დიდი პატივისცემით სარგებლობდით პატიმრებს შორის. ფულიც არ გადაგიხდიათ და პატიმრებიც გიფრთხილდებოდნენ.
– ყველგან ასეთ დამოკიდებულებას ვგრძნობდი და მინდა, ყველა იმ პატიმარს მადლობა ვუთხრა. უამრავი ადამიანი იყო იქ და ყველასთან ვცდილობდით, კარგი ურთიერთობა გვქონოდა, მეგობრები გაგვეჩინა. უბრალოდ, ყველა პატიმარი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდით და ყველა მათგანთან ვინაწილებდით საშინელ მდგომარეობას, იმ ბოროტებას, რაც გარშემო სუფევდა. ყველასგან სიკეთის, კარგი მოქცევის და მეგობრობის მეტი არაფერი მახსოვს, არც სულხან მოლაშვილს. სულხანსაც ყველა ძალიან კარგად ექცეოდა და პატივს ცემდა. როდესც პატრიარქის შუამდგომლობით გაგვათავისუფლეს მე და სულხანი, მთელი ციხე გვაცილებდა.
– რადგან სულხანი ახსენეთ, გკითხავთ, მისმა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, სააკაშვილის უცხოეთში სამკურალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში, განაცხადა: „არსებობს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხვნა. ეს პრაქტიკა საქართველოს მიმართ ევროპის სასამართლოს გააჩნია – სწორედ ევროპის სასამართლოს ჩართულობით მოხდა მოლაშვილის გადაყვანა, სათანადო მკურნალობა“.
– კი, მაგრამ, სულხანი გადაყვანილ იქნა უცხო ქვეყანაში სწორედ იმის შემდეგ, რაც ჩვენ საპატიმრო დავტოვეთ. სულხანი, თავისი ურთულესი დიაგნოზებით, ერთხელაც არ გადაუყვანიათ ქალაქის კლინიკაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ საპატიმრო დავტოვეთ – 2008 წლის 6 იანვარს, საღამოს, პირდაპირ უწმინდესთან მივედით. სულხანი რამდენიმე თვის გამოსული იყო, უმძიმესი დიაგნოზით ციხიდან, როდესაც ის საზღვარგარეთ მოხვდა. ჯოჯოხეთური წამება და არაადამიანური მოპყრობა გადაიტანა და ეს იყო ყველაფრის მიზეზი.
– რა რაოდენობის თანხის გადახდას გთხოვდნენ თავისუფლების სანაცვლოდ?
– ყველასთან ჰქონდათ ერთნაირი მიდგომა – უნდა გადაეხადათ თანხა თავისუფლებისთვის. სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა თანხა სახელდებოდა. საბოლოოდ, ვუთხარი – 10 ლარსაც კი არ გადავიხდი, შეგიძლიათ დამტოვოთ. ნამდვილად მიმაჩნდა, რომ გადასახდელი არაფერი მქონდა. შემოთავაზებები და ეს საუბრები ხშირად იყო. მე დღე არავის დავუკითხივარ, ღამის 1-2 საათზე შემოდიოდნენ. უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული ბოლშევიკების პერიოდის ციხეებზე, იმ პერიოდის „გულაგზე“ და უამრავი მწერალი წერდა საბჭოთა კავშირის საშინელ ბანაკებზე და ციხეებზე, რომლებიც იყო, მაგრამ მსგავსი დამოკიდებულება არსად წამიკითხავს. არავის დაუწერია მსგავსი, რაც ჩვენთან ციხეებში ხდებოდა. ქვეყანამ მოიცილა ეს რეჟიმი და სისატიკე. ციხეებში მსგავსი ფაქტები აღარასდროს უნდა მოხდეს. როცა უცხოელები წერენ პენიტენციურ სისტემაში გამოსწორებული მდგომარეობაა და კარგი სიტუაციია, ძალიან კარგია. მე პატიმრები ისეთი ნაცემები მინახია, არა მგონია, სადმე ასე სცემდნენ – სიკვდილის პირას მიჰყავდათ.
– ციხის საავადმყოფოში თქვენი გადაყვანაც პრობლემა იყო?
– რა თქმა უნდა. როცა, ცუდად ყოფნის დროს, საავადმყოფოში გადამიყვანდნენ, შემდეგ იმავე წუთს, ჯანმრთელობის არავითარი დადებითი დინამიკა რომ არ გქონოდა, უკან გაბრუნებდნენ, როგორც მე, მაგალითდ, მე-7 საპყრობილეში. სადღაც ერთი წელი იყო ასე და შემდეგ, სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანას მოსთხოვა, ჩემი პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში დაბრუნება. ასე დავბრუნდი ციხის საავადმყოფოში, თორემ მთელ პატიმრობის ვადას, ალბათ, მე-7 საპყრობილეში გამატარებინებდნენ.
– თქვენ ე.წ. „რეზბალნიცაზე“ სულხან მოლაშვილთან და მამა ბასილისთან ერთად იყავით. მამა ბასილთან მიმართებაშიც იყო ზეწოლის ფაქტები?
– მამა ბასილი და მოლაშვილი ერთ სართულზე იყვნენ, მე კი ქვედა სართულზე. მამა ბასილიც მუდმივი პროვოკაციების ქვეშ იყო. ვიმეორებ, ეს ეპიზოდები არ იყო. ყოველ დღე გრძელდებოდა, ყოველ საღამოს, დილაუთენია და ა.შ. მუდმივად ასე იყო.
– „ციხის ბუნტს“ როგორ გაიხსენებდით? „რეზბალნიცაზე“ იყავით მაშინ, სადაც დაიწყო.
– სწორედ „რეზბალნიცაზე“ დაიწყო, როცა ორი პატიმარი, ერთი ეპილეფსიით დაავადებული, ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რადგან არ აყვნენ ადმინისტრაციის მიერ დადგმულ პროვოკაციას – არეულობის მოწყობას. იგეგმებოდა, რომ „დადგმულიყო“ პატიმრებს შორის ვითომ დაპირისპირება. ეს არ გააკეთა პატიმარმა, რომელიც ეპილეფსიით იყო დავადებული და ისე სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. შემდეგ მეორე ადამიანი გამოექომაგა და იმასაც გაუსწორდნენ. პატიმრების თვალწინ, ეზოში, დაყარეს და შემდეგ უგონოები ეზოდან გაათრიეს. აი, ამას მოჰყვა ბუნტი. აპირებდნენ, რომ ამ პროვოკაციის შედეგად მაქსიმალური რაოდენობის ხალხი დასჯილიყო და ასეც მოხდა. ჩვენი კორპუსი ქირურგიულ კორპუსად ითვლებოდა და კორიდორში ვერ გახვიდოდი, იმდენი დაჭრილი იყო იატაკზე. უბედურებმა, არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა. გვეკითხებოდნენ, რატომ გვესროლესო, არავინ იცოდა. ცენტრალურ ციხეში, ე.წ. „კარმუშკას“ აღებდნენ, შიგნით იარაღს ყოფდნენ და ისე ესროდნენ. მძინარე ადამიანები არიან დახოცილები. მათ საერთოდ არ იცოდნენ, ბუნტი იყო, თუ რა მოხდა. გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, იმ დროინდელი ხელისუფლების ლიდერები, გამოდიოდნენ და იძახდნენ, ერთ-ერთ კორპუსს ტანკებს მივუშვერთ და ბუნტს ტანკებით ჩავახშობთო. ამ დროს, თითქოს, იქ ადამიანები არ იყვნენ.
– დღეს სააკაშვილი პატიმრობაშია და, ფაქტობრივად, პატიმრობის ვადას კლინიკაში ატარებს. როგორ შეაფასებდით პროცესს, რომელიც ექსპრეზიდენტთან მიმართებაში მისი პატიმრობის დღიდან განვითარდა?
– ბუნებრივია, განსაკუთრებული მოპყრობაა მის მიმართ. არ მინდა საერთოდ ამ პატიმარზე საუბარი. ვისურვებდი, მომავალში საქართველოს ყოველთვის ღირსეული პრეზიდენტი ჰყავდეს და ღირსებით იყოს ყველგან. უამრავი პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და ისინი ღირსეულად ატარებდნენ სასჯელს და ღირსეულად იქცეოდნენ. ავადმყოფ ადამიანზე არ უნდა ისაუბრო, მაგრამ იმდენი წავიკითხე ავადმყოფობებზე (მეც საკმაოდ ბევრი დაავადებები მაქვს), რომ ვკითხულობ რაღაცებს, მეცინება. პროფესიულ განმარტებებს არ იძლევიან ის ჯგუფები, რომლებიც მუდმივად, თითქოს ღელავენ.
– ანუ სასამართლო-სამედიცონო დასკვნა საეჭვოა?
– მე როცა ვსაუბრობდი იმ ადამიანებზე, ისინი მაშინ რეანიმაციაში უნდა ყოფილიყვნენ ან იყვნენ. რამდენადაც ვიცი, ეს ბატონი, ჩვეულებრივ თერაპიულ პალატაშია და არა რეანიმაციულში. ღმერთმა ნუ გადაიყვანოს. არავის სიკვდილი ნამდვილად არ მინდა, შვილები ყავს. მისმა ერთმა შვილმა, მართლაც დატოვა ჩემზე ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება. არ მინდა პატიმარზე ლაპარაკი, თუნდაც ისეთ პატიმარზე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არ არის, ქალაქის საავადმყოფოშია. მიმაჩნია, რომ სწორი არ არის. ხშირად კომიკურ სახეს იღებს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანების განცხადებები და დასკვნები. სერიოზულად რომ წაიკითხავ, უბრალოდ, ღომილის იწვევს, რადგან ხშირად სისულელეები წერია.
– დაბოლოს, დღევანდელ სასამართლოზე რას იტყვით. ბევრი რეჟიმისდროინდელი მოსამართლეა სისტემაში და ევროკავშირიც ითხოვს 12 პუნქტიანი გეგმით, სასამართლო რეფორმას, პოლიტიკური მართლმსაჯულებიდან გამომდინარე.
– იმ პერიოდში სასამართლო, როგორც ასეთი, ნამდვილად არ არსებობდა. პროკურატურის ნებისმიერ განაცხადს, ფაქტობრივად, სასამართლო ნოტარიულად აფორმებდა. მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა, არც ადვოკატის მუშაობას, არც სიმართლეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და შესაბამისად, ადამიანი უნდა დასჯილიყო. სასამართლოში გამამართლებელი განაჩენები საერთოდ არ არსებობდა. თვალს ვადევნებ, ხშირად ვკითხულობ, რომ რამდენჯერ არის მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება და შედარება არ შეიძლება იმ სასამართლოსთან. ამ სასამართლოს, ალბათ, უამრავი ნაკლი აქვს. მე იურისპრუდენციაში დილეტანტი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რაც ქვეყნდება, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციებია. მაგრამ სრულყოფილება მუდმივად უნდა გაგრძელდეს. ბევრი რამ არის დღეს სასამართლოში გამოსასწორებელი, მაგრამ როგორ შეიძლება, ადამიანმა ის სასამართლო დღევანდელს შეადაროს!
for.ge