მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა დააბრუნონ, სადაც სხვა პატიმრები – გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის კადრების ხილვისას სწორედ მისი მმართველობის დროს, ციხეებში არსებული ვითარება გაახსენდა.
„როდესაც ვიხილე, რა პირობებშია მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანები გამახსენდა, რომლებსაც მე-7 საპყრობილის დილეგებში, მიწისქვეშ ვნახულობდი. მაგალითად, მირცხულავას, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს… რა პირობებშიც ისინი იყვნენ – უფანჯრო, ორ კვადრატულში და რა პირობებშიც ახლა სააკაშვილია… პრეტენზიები მაქვს იუსტიციის სამინისტროსთან. ეს ადამიანი იქ უნდა დააბრუნონ, სადაც სხვა პატიმრები – გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან. თუ დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს, ჯანმრთელი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, სააკაშვილი ან რომელიმე პატიმარი იმ პირობებში იყოს, როგორშიც ის ამყოფებდა ნებისმიერ პატიმარს – ეს იქნებოდა შურისძიება. ჩვენ ვამბობთ, რომ ის უნდა იყოს ისეთ თანაბარ პირობებში, როგორშიც არიან სხვა პატიმრები. სასჯელი უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. თუ ადამიანი ვერ ეგუება ციხის საკანს, როგორც ამას მისი ექიმები და ახლობლები ამბობენ, მაშინ ეს უნდა გაითვალისწინოს, როდესაც დანაშაულს სჩადის. წელიწადზე მეტია, ვისმენთ სპეკულაციებს, თუ რა პირობებშია და როგორ არის. პრაქტიკულად 24 საათი გვესმოდა, რომ „ფეხზე ვერ დგება, კვდება, ბოლო დღეშია“ და ა.შ. თუმცა ვიხილეთ რამდენიმე კადრი, რომელშიც ის თავს ესხმის თანამშრომლებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავია და ფეხზე ვერ დადის, ტყუილია და ის პირობები, რომელშიც იმყოფება, პატიმრის შესაბამისი არ არის.
კარგი იქნება, თუ გადაიყვანენ იქ, სადაც სხვა პატიმრები არიან. რაც შეეხება კადრების გავრცელების კანონიერებას – ეს არის, გარკვეულწილად, კონფიდენციალური ინფორმაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პატიმარსა და ავადმყოფს ეხება, მაგრამ როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ის არის უმძიმეს პირობებში, წამების მსხვერპლი, წამლავენ, ვერ დადის და ა.შ., საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეს სრული ინფორმაცია და სურათი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ყოფილ პრეზიდენტზე. ესეც უნდა განვასხვავოთ – თუ ყოფილი პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი პატიმარი, მის მიმართაც უნდა იყოს ჩვეულებრივი მიდგომა და კონფიდენციალობის მაღალი სტანდარტი, მაგრამ თუ მასზე ლაპარაკობენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც განსაკუთრებულ პირობებში უნდა იყოს და თურმე, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ, რადგან აქ არ შეუძლია ციხის საკნის ატანა, ამ შემთხვევაში, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება მის თავს და რა პირობებშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კადრების გავრცელება კანონიერი იყო“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.