საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაე-იონელ ჩუკას ბუქარესტში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მიერ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროექტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეის თავდაპირველი ინიციატორიც ჩვენი ორი ქვეყანა გახლდათ – შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სახით და რომელიც მასშტაბურ, ევროპულ პროექტში გადაიზარდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ ინიციატივის დროული განხორციელების ერთგული რჩება.
საუბარი ასევე შეეხო ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში რუმინეთი ქვეყნის წამყვან სავაჭრო პარტნიორებს შორის რჩება და საქართველო მზად არის სრულად გამოიყენოს არსებული პოტენციალი, როგორც ვაჭრობასა და ეკონომიკაში, ისე სხვა მიმართულებით.
ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რითიც რუმინეთმა კვლავ დაადასტურა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერისათვის.