ადრეც განვაცხადე, რომ შემოდგომაზე მიშა სააკაშვილის მომხრეები ფერხულში ჩადგებოდნენ. ეს პროცესი უკვე საქართველოს საზღვრებსაც გასცდა. თვეების წინ განვაცხადე, რომ ჰუმანიტარული მიზნით მის გადასაყვანად, შეცოდების პროცესი დაიწყება. ამას საუკუნის აფიორას ვერ დავარქმევდი, მაგრამ მასთან მიახლოებულია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, ხელმოწერების კარდაკარ შეგროვების მიზანია, პრეზიდენტმა სააკაშვილთან დაკავშირებით აქამდე გაცხადებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ძალების – „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებისა და საქართველოს ე.წ. მეგობრების გააქტიურებას უსვამ სხაზს.
„ისევ მიშა სააკაშვილს დაუბრუნდნენ – გადახედეს ოპოზიციურ სპექტრს, დასაყრდნობად ვერავინ მონახეს, რათა ჩვენს ქვეყანაში ცვლილებებისთვის მიეღწიათ. მათივე კვლევებით დასტურდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. შესაბამისად, [გარე ძალებს] საქართველოში დასაყრდენი არ აქვთ. სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით კარდაკარ ხელმოწერების შეგროვების მიზანია ქალბატონ პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს გაუადვილონ საკუთარი გადაწყვეტილების – „არა და არასოდეს“ შეცვლა და მიშას შეწყალებას „სახალხო ლეგიტიმაციაც“ მიანიჭონ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებული, მისი გათავისუფლები მიზნით მიმდინარე ყველა პროცესი, საბოლოოდ, ერთ მიზანს – ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურება.
„ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები აკეთებენ, ერთადერთ მიზანს – მიხეილ სააკაშვილის დახსნასა და, ხელისუფლების შესაცვლელად, კვლავ ვნებათაღელვის დაწყებას ემსახურება, რაც პირდაპირ კავშირშია მეორე ფრონტის გახსნასთან“, – განაცხადა მიხეილყაველაშვილმა.