„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, საქართველოს მოსახლეობის რეგიონებში უკუმიგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. ის ბოლო წლების პოზიტიურ მაჩვენებლებს ხელისუფლების სწორი რეგიონული, ეკონომიკური, დემოგრაფიული პოლიტიკით და სოფლებში ტურიზმის განვითარებით ხსნის.
„დღეს საქართველოს მოსახლეობის რეგიონებში უკუმიგრაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნდა. ცნობის თანახმად, „2015 წლიდან 2022 წლის 21 ოქტომბრამდე ქალაქში რეგისტრაციის მისამართი სოფელში რეგისტრაციის მისამართით 76 030 ადამიანმა შეიცვალა“. სტატისტიკის თანახმად, რეგისტრაციის მისამართის შეცვლა ყველაზე მეტი სიხშირით 2019 წელს, ჯერ კიდევ პანდემიამდე დაფიქსირდა, 2022 წელს კი გადარეგისტრირებით ყველაზე მეტად აგვისტოს თვე გამოირჩევა. რამ გამოიწვია ეს პროცესი და რამდენად კარგია ის სახელმწიფოსთვის?
მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მძიმე დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიდა მიგრაციაა – დაცლილი სოფლები და მოშიშვლებული საზღვრები. ზოგადად, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ გარე მიგრაციის უკუმიგრაციად გარდაქმნა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შიდა მიგრაციისა. ეს რომ სახელმწიფომ შეძლოს, სერიოზული რეგიონული პოლიტიკა უნდა განახორციელოს. ფაქტია, ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, რეგისტრაციის გადამისამართება ქალაქებიდან სოფლებში დიდი ტემპით მიმდინარეობს. შესაძლოა, ყველა ფიზიკური უკუმიგრაცია არ იყოს, მაგრამ მხოლოდ რეგისტრაციის გადატანის შემთხვევაშიც კი მოსახლეობა გარკვეულწილად მაგრდება სოფლად.
ეს გამოიწვია ხელისუფლების სწორმა რეგიონულმა, ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ – ყველა იმ პროექტმა, რომლებიც ხელისუფლების მიერ მაღალმთიან რეგიონებსა თუ დაბლობში ხორციელდება – და, რაც მთავარია, ტურიზმის განვითარებამ სოფლებში.
ეს უკვე სერიოზული შედეგია და დიდი სახელმწიფოებრივი საქმეა. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება რეგიონების გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. რადგანაც ეს ტენდენცია დაიწყო, ამას ვეღარაფერი შეაჩერებს.
ქართული სოფელი ცოცხლდება და ეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საყრდენია.
ცუდია, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას დამღლელი პოლიტიკური ხმაური ფარავს“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.