საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS) 7.0 ვერსიაზე გადავა

სისტემის ტექნიკური დეტალები განიხილეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას.

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ფროლოვამ აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან წარმატებული პარტნიორობის შედეგია ის გარემოება, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS) 7.0 ვერსიაზე გადავა.

დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS) საქართველოში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში დაინერგა. მისი მიზანია, ერთიანი ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით, ინფექციური (მათ შორის ზოონოზური – დაავადებები, რომელიც ადამიანს ცხოველისგან გადაეცემა) დაავადებების დროულად იდენტიფიცირება და ინფორმაციის გაცვლა კომპეტენტურ ორგანოებს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის.

Back to top button