სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ინტერვიუდან ნაწყვეტი ვრცელდება, რომელშიც ის იხსენებს რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობას.
“პუტინთან საუბრის შემდეგ მე გავფრინდი გერმანიაში, რადგან გერმანია და საფრანგეთი არიან მთავარი ფიგურები ევროპაში. იმისთვის, რომ შეთანხმება მიღწეული იქნას, ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი. მე გავაკეთე ჩანაწერი უკვე განხორციელებული და შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ასევე, რა უთანხმოება წარმოიშვა მოლაპარაკების დროს და რა იყო საჭირო ყველასგან” – აცხადებს ნაფტალი ბენეტი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.
მისივე თქმით, ბერლინში ჩასვლის შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენეს საფრანგეთის პრეზიდენტი და ამერიკული მხარე, რომელსაც ძირითადად აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ზოგჯერ კი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ან სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წარმოადგენდნენ.
„ყველა ლიდერს აქვს საკუთარი მიდგომა. შეგვიძლია დავყოთ ლიდერები შემდეგნაირად: ისინი, ვინც მიჰყვება ხაზს „ჩვენ უნდა ვეომოთ პუტინს“ და ისინი ვინც ამბობენ „ყველა ომში არიან წაგებულები“. ბორის ჯონსონი მხარს უჭერდა უფრო რადიკალურ ზომებს. მოდით ვთქვათ, რომ მაკრონი და შოლცი უფრო პრაგმატულები არიან, ხოლო ბაიდენი მხარს უჭერდა ორივე მიდგომას.
მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა გაგრძელდეს პუტინის განადგურება და არა მოლაპარაკება.“ – იხსენებს ნაფტალი ბენეტი. როგორც ისრაელის ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ყველა მისი ქმედება, უმცირეს დეტალებამდეც კი, შეთანხმებული იყო აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. წამყვანის კითხვაზე, ამ ქვეყნებმა ჩაშალეს თუ არა მოლაპარაკებები, ნაფტალი ბენეტი პასუხობს: „დიდწილად კი.“ „მე დარწმუნებული ვარ, წარმატების კარგი შანსი გვქონდა, თუ მცდელობას არ შეწყვეტდნენ“ – აღნიშნავს ნაფტალი ბენეტი.