საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, გიული ალასანიამ ამერიკაში კარგად აპრობირებული მეთოდი, ლობიზმი, კანონიერ კორუფციად აქცია.
მისივე თქმით, კომპანია „აკერმანმა“ თვეების დაგვიანებით განზრახ წარადგინა ალასანიასთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც 10 დღის ვადაში უნდა გაესაჯაროებინა.
„ამერიკაში ლობისტური საქმიანობა ლობიზმის ანგლოსაქსური მოდელის პირობებში რეგულირდება, რაც ითვალისწინებს ლობისტების მიერ სავალდებულო რეგისტრაციასა და პერიოდულ ანგარიშგებას, რათა ლობიზმი კანონიერ კორუფციად არ გადაიქცეს. აქედან გამომდინარე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლითაც ცხადყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიული ალასანია სერიოზულ თანხებს იხდიან როგორც საზღვრებს შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ მოსახლეობისთვის თვალის ასახვევად და იმ მოცემულობაში დასარწმუნებლად, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ნევროლოგიაში გადახდილია $100 000, გასტროენტეროლოგიაში – $79 000, ფსიქიატრიაში – $75 000. იურიდიულ მომსახურებაში $1 000 000-მდე თანხაა გადახდილი. გამოდის, რომ „აკერმანმა“, კომპანიამ, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილს და იცავს მის ინტერესებს, გიული ალასანიას ხელმოწერის საფუძველზე, აშშ-ს დაუმალა დადებული კონტრაქტი, ვინაიდან კონტრაქტი დადებულია 2022 წლის ივლისში, ხოლო დეპარტამენტის ანგარიშზე დარეგისტრირდა 2023 წლის 3 თებერვალს.
წყვეტა საკმაოდ დიდი პერიოდია. აქედან გამომდინარე, ეს კომპანია, თაღლითური გარიგების გზით, იცავდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. ამ ინტერესების დაცვის პერიოდში, მან დამალა სერვისები, რომელსაც უწევდა დამკვეთს. ლობიზმი კარგად აპრობირებული მეთოდია ამერიკაში, მაგრამ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის კანონიერ კორუფციად არ უნდა იქცეს. ლობისტური კომპანიები სამართლებრივ ჭრილში ვალდებულნი არიან, წარადგინონ ანგარიში, თუ ვის უწევენ ლობირებას, გამოაქვეყნონ ლობისტთა სია და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს კონტრაქტორს, ამ შემთხვევაში – მიხეილ სააკაშვილს.
ასევე აუცილებელია დაასახელონ თანხა, რომელიც გადახდილია ამ მომსახურებისთვის. ამერიკის კანონმდებლობით, კონტრაქტი დადებიდან 10 დღის ვადაში უნდა გასაჯაროვდეს იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშზე. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კომპანია „აკერმანი“ მიხეილ სააკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თვალის ახვევაში ეხმარებოდა და, აგრეთვე, ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებაში, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აწამებენ, ან კლავენ. ჩამოვთვალოთ, რაში იყო თანხები გადახდილი: ვახსენეთ ნევროლოგია, გასტროენტეროლოგია, ფსიქიატრია, საადვოკატო ხარჯები, ტრავმატოლოგი და ასე შემდეგ, მაგრამ ამასთანავე დავალება იყო, რომ საერთაშორისო მასმედიაში გამზადებულიყო შეკვეთილი სტატიები ისეთი წარმოდგენის შესაქმნელად, თითქოს მას აქ კლავენ და აწამებენ“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.