პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან – ვახტანგ გომელაურთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და 2023 წელს დაგეგმილი პროექტები. საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030″-ის განხორციელების დინამიკას, სამინისტროს კომპეტენციის მიმართულებით.

შეხვედრის დასაწყისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს პოლიციის მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგები და რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ მონაცემები გააცნო. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, ხოლო დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასული წლის მსგავსად, წელსაც აქტიურად გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ასევე, საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით საკანონმდებლო ცვლილებების დაინიცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საპოლიციო სერვისების გაუმჯობესება.

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უახლოეს დღეებში შეუდგებიან საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო კონცეფციის დანერგვაზე. კონცეფციის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დაკომპლექტდნენ ანალიტიკოსებით. პარალელურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე, ახლო მომავალში დამტკიცდება 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაც.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უწყება მიმდინარე წელსაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვა, საზღვრის მართვა და მიგრაცია.

პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზრდილ საბიუჯეტო პარამეტრებზე. წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა – ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი მოიცავს თანამშრომელთა ხელფასების 20%-იან ზრდას, ასევე, გათვალისწინებულია სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა პოლიციელთა სამუშაო პირობებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაში მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „პოლიციის ქალაქის” მშენებლობის პროექტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2023 წელსაც გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თეიმურაზ მღებრიშვილმა მიმდინარე წელს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობების გაძლიერების, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მთავრობის მეთაურს ასევე გააცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ავტოპარკის განახლების პროექტი, რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 10 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული და სტიქიის ზონაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამაშველო ღონისძიებებს.

სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. ამასთანავე, ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება კანონმდებლობა. წელს გაგრძელდება სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება, აგრეთვე, მესაზღვრეთა ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სამი ვერტმფრენის შეძენის საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, უკვე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას გადაეცემა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გასულ წელს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების მიერ NATO-ს ოთხდონიანი შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რაც წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მიზნით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა დონორ, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან.

შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, ქვეყანაში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური გარანტიების შექმნა.

Back to top button