ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის და „კრედიტ სუის“-ის დავაზე: შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე იურიდიული ფირმა MKD Law-ის მიერ „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტის ქმედებების აღმწერი მორიგი მწვავე სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე განმეორებითი უარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ცენზურა ვრცელდება მაშინ, როდესაც სტატია ბანკის მენეჯმენტის მხრიდან საეჭვო ქმედებებს შეეხება.

მისივე თქმით, აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია ბანკის არალოგიკური გადაწყვეტილებების შესახებ, ვინაიდან, „კრედიტ სუის“-ის მენეჯმენტი ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სტატია გამოაქვეყნეს სადაც გარემოებები და საქმის ქრონოლოგიაა წარმოდგენილი. ასევე აღნიშნულია ის უპრეცედენტო მასშტაბის მედია ცენზურა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ამ სტატიას შეხვდა და ყველა წამყვანი მედიასაშუალება მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ყველა ინფორმაცია ცენზურას ექვემდებარება, როდესაც ბანკის მენეჯმენტის მხრიდან საეჭვო მაქინაციებს ეხება. გასაგებია, რომ ბატონი ბიძინას ადვოკატები იურიდიულ კონტექსტს ვერ გასცდებიან და შეფასებასაც შესაბამისად გააკეთებენ. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ინტერესებს ემსახურება შვეიცარიული ბანკის გაუგონარი, ალოგიკური გადაწყვეტილებები, რომელმაც შეიწირა ბანკის რეპუტაცია. რა არის ის სარგებელი, რასაც შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯი ეწირება?

  • ბიძინა ივანიშვილის ღია შანტაჟი და გავლენის მოპოვების მცდელობა გამომდინარე, მისი უპირობო ავტორიტეტისა ქართულ საზოგადოებაში
  • ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ყველა დეტალი თავის ადგილზე ჯდება:

1) შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტი ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დავალებას;

2) ბანკმა ერთ-ერთ გამამართლებელ არგუმენტად, 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული ევროსაბჭოს რეზოლუცია მოიყვანა;.

3) მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ორჯერ მიიღო რეზოლუციის ტექსტი, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იყო რეკომენდაცია, რეალურად არ აღასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური შანტაჟია მიზანი და სხვა არაფერი. ასევე, კუბილიუსისა და “EPP”-ის წევრების აღვირახსნილი კამპანია ივანიშვილის წინააღმდეგ.

და ბოლო თითქოს უმნიშვნელო დეტალი, რომელიც ქართულ მედია-სივრცეში გავრცელდა: სააკაშვილის ოჯახის ფავორიტი ჩალაძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა-გაათავისუფლეთ მიშა და მე გავხდები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული თანხის გარანტორიო. სტატიის მოკლედ აღწერილი დეტალები- გარემოებები და ქრონოლოგია:

„•ბატონი ივანიშვილის ადვოკატებმა ბანკის შვილობილ კომპანიაში ჩატოვებული შედარებით მცირე მოცულობის აქტივების გადმორიცხვის მოთხოვნა დააყენეს 2022 წლის მარტში; ბანკის მენეჯმენტმა მოთხოვნას ორი თვე – 2022 წლის მაისამდე არ უპასუხა, ხოლო მაისში დაუდასტურა კლიენტს, რომ კითხვები არ არსებობდა და მას შეეძლო თანხის წაღება;

  • 2022 წლის მაისიდან ივლისის თვემდე ხდებოდა გადმოსარიცხი თანხის დაუსრულებელი დაანგარიშება და კლიენტს არაერთხელ შეაცვლევინეს განზრახვის წერილი, რომელიც ამავე საკითხს შეეხებოდა;
  • როდესაც თანხების დაანგარიშების მიზეზმა თავი ამოწურა, ბანკის მენეჯმენტს სჭირდებოდა ახალი საბაბი, რათა თანხა არ გადმოერიცხა, რადგან, როგორც ჩანს, მას ასეთი დავალება ჰქონდა მიღებული. მაშველ რგოლად ბანკს 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია მოევლინა, რომელზეც მიუთითა კიდეც ბანკის მენეჯმენტმა 2022 წლის ივლისის წერილში კლიენტისადმი. ბანკის მენეჯმენტმა ბნ ივანიშვილს განუცხადა, რომ არსებული რეზოლუციიდან გამომდინარე (მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა მიანიშნა, რომ რეზოლუცია ევროპულ საბჭოს არ გაუზიარებია), გადმორიცხვაზე თანხმობისთვის სასამართლოსთვის მიმართვა იყო საჭირო;
  • 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოს მოსამართლემ ბანკს მკაცრად მოსთხოვა უდავო თანხების გადარიცხვა კლიენტისთვის, თუმცა ეს ბანკმა მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში შეისმინა, მხოლოდ ამასაც დამატებით ორ თვეზე მეტი მოანდომა და სინგაპურული ტრასტის თანხა რეალურად ნოემბრის ბოლოს გადაურიცხა კლიენტს;
  • როდესაც ნოემბრის ბოლოს სინგაპურული ტრასტის აქტივის გადმორიცხვა განხორციელდა, კლიენტმა ბანკს შეახსენა ბერმუდას ნაწილი, ბანკის მენეჯმენტმა ითხოვა, რომ გადმორიცხვა გადადებულიყო ბერმუდაზე დეკემბერში დაგეგმილი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, რადგან ამ პერიოდში ბანკის პერსონალი დავისთვის მზადებით იყო დაკავებული. როგორც ჩანს, აქ ბანკის მენეჯმენტმა დაივიწყა ევროპარლამენტის რეზოლუციაც და სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროებაც, რაც ადასტურებს, რომ ბანკის მენეჯმენტის უწინდელი პოზიცია აბსურდი იყო;
  • 2022 წლის დეკემბერში ბერმუდას სააპელაციო სასამართლოში ბანკის წარმომადგენელმა აკრძალული ხერხით დააყენა ახალი არგუმენტები; 2022 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მის მიერვე წარმოდგენილი ახალი არგუმენტის გამო, იგი თანხის გადმორიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი ბატონი ივანიშვილის ადვოკატები დაწერდნენ, რომ თანხის გადმორიცხვით თეორიული რისკიც არ შეექმნებოდა ბატონი ივანიშვილისვე სატრასტო კომპანიების მოთხოვნებს;
  • 2023 წლის 3 იანვარს ბატონმა ივანიშვილმა დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ბანკს შეეძლო თანხა გადმოერიცხა და რომ ის თავად იღებდა ყველანაირ თეორიულ და ჰიპოთეზურ რისკს თავის თავზე, ხოლო მოცემული საკითხი იურისტების გადასაწყვეტი არ იყო. ცხადი იყო, რომ არცერთი იურისტი არ დაწერდა, რომ თეორიული რისკი არ არსებობდა და ეს ბანკის მენეჯმენტმა ძალიან კარგად იცოდა;
  • შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტმა, თითქოსდა ბატონი ივანიშვილის კომპანიების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ფაქტობრივად უარი თქვა გადმორიცხვაზე მიუხედავად იმისა, რომ მოჩვენებითად აცხადებს, თითქოს იგი მზად არის გადმორიცხვისთვის. 2022 წლის მარტიდან უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა, ხოლო ბანკის მენეჯმენტი ზემოთ აღწერილი პინგ-პონგით არის დაკავებული” – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Back to top button