„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპატლამენტის მიერ მიღებულ რეზოლიციას ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლეთში დემოკრატიის სერიოზული კრიზისია, რაზეც ეს რეზოლუციაც მეტყველებს:
„30 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და არჩევანს ვაკეთებდით ოკუპანტ რუსეთსა და ღირებულებებით სავსე დასავლეთს შორის, ალბათ, ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ დღეს ასეთი დილემის წინაშე დავდგებოდით. სად გაქრა ის ევროპა, რომელზეც ჩემი თაობა ასე ოცნებობდა და რომლისთვისაც სისხლიც კი დავღვარეთ? სად არის დღეს დემოკრატიის შუქურა, რომელიც გზას გვინათებდა ახალ ლაბირინთებში სასურველი სახელმწიფოს შესაქმნელად? სად გაქრა ჩვენი მოლოდინები? ეს ყველაფერი ტყუილი არ იყო, ეს ყველაფერი ტყუილად აქციეს დღეს.
ევროპამ ვერ გაუძლო დასავლეთის წნეხს და ერთ დიდ ჭაობად იქცა. ხან რუსეთის ზეგავლენა, ხან ამერიკის, ვინ იქნება შემდეგი? ფაქტია, დღეს ევროპა დემოკრატიის სერიოზულ კრიზისს განიცდის და არც ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას. დასავლეთი დღეს რუსეთს ეჯიბრება ადამიანის უფლებების დარღვევაში, სამშობლოს სიყვარულისთვის პიროვნების შევიწროებაში, ქონების წართმევაში და უსამართლო კრიტიკაში.
ბიძინა ივანიშვილისთვის დღეს გამოტანილი რეზოლუციით ევროპამ გაგვაფრთხილა ყველა ქართველი, რომ არ გავბედოთ სამშობლოს სიყვარული, არ გავბედოთ საკუთარი ხალხისთვის სიკეთის კეთება, თორემ ამისთვის დაგვსჯიან თითოეულს. ჩვენ თურმე მხოლოდ ის უნდა ვაკეთოთ, რაც მათ სურთ, ამაზე ხომ ბრძანებით მიგვითითეს. ეს ყველაფერი კი ძნელად ასატანია თავმოყვარე ერისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.