დავით კაჭარავა: რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, აბსურდი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – უხერხულიც კია, რისკენაც ევროპარლამენტი მოგვიწოდებს

„ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოვლად მიუღებელ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ იყო, რადგან უკვე რამდენიმე მსგავსი რეზოლუცია ვნახეთ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდულია ის მოთხოვნები, რომელსაც ევროპარლამენტარები საქართველოს უყენებენ, რადგან დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ქვეყანას ეუბნებოდე, რომ უარი თქვას როგორც საკუთარი, ისე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ასევე უარი თქვას თანასწორობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება შანსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვფიქრობ, რომ აბსურდია. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროსაბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველო ორივე ქვეყანას, რომელთაც უკვე მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, თითქმის ყველა პუნქტში უსწრებს. ვფიქრობ, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, არ ვეთანხმებით, რადგან აბსურდულია. ცოტა უხერხულიც კია, აკაკი ოჩიგავას შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მოიგო, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისი ციხეში ყოფნის მძიმე პერიოდია აღწერილი, იმ რეზოლუციისა და ნაბიჯების შესახებ საუბარი, რისკენაც ევროპარლამენტი მოგვიწოდებს. ძალიან რთულია, ამას არ უწოდო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც ყველა ფაქტი ამაზე მეტყველებს.

ეს მიმართულია საქართველოში დაძაბულობისა და ომისკენ, რაზეც ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა. ეს რეზოლუციებიც ამ უარის შედეგია“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Back to top button