რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა, ის, რომ ომი არ ჰქონია ქვეყანას და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რა თქმა უნდა, ეს არის “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.
„სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მეგობრებო. ეს არ ყოფილა იოლი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო, ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით და უამრავი გამოუსწორებელი შედეგი მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად. თუნდაც ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, ხშირად აკრიტიკებენ ჩვენს ხელისუფლებას და ათას დაუსაბუთებელ უსაფუძვლო ბრალს სდებენ ჩვენს მთავრობას. რუსული ჯარი, უკვე ბოლო დანაყოფი, 2007 წელს გავიდა. დატოვა ბოლო ქვედანაყოფმა ჩვენი ტერიტორია, სულ რამდენიმე თვეში, იმ არასწორი, უგუნური პოლიტიკის შედეგად, იმის გამო, რომ ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რუსული ჯარი დაბრუნდა საქართველოში. ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, რაც რა თქმა უნდა, არის გამოუსწორებელი შედეგი. დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც თავად სააკაშვილმა უწოდა “ქვების გროვა”. მე ძალიან მაინტერესებს და მინდა, ყველა იმ ადამიანს შევხვდე და პირადად გავესაუბრო – როგორ შეიძლება ასეთ ძალას მხარი დაუჭიროს დღეს ადამიანმა, მოქალაქემ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიებს, ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ნაწილს უწოდა “ქვების გროვა” და შემოიყვანა და დააკანონებინა ოკუპაცია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჭიროა მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ შორის ოპონენტებთან და მათ მხარდამჭერებთან იმისთვის, რომ ის განსაცდელი, რომელიც ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა, აღარასოდეს განმეორდეს.
„სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ” ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, ჩვენ ამის გაკეთების უფლებას ხელმეორედ აღარ მივცემთ, მეგობრებო. საჭირო არის მშვიდად, სტაბილურად, მტკიცედ ქვეყნის მართვა, განვითარება და მხოლოდ განვითარებაზე ზრუნვა. მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა – აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენი მთავარი საქმე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.