ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვია

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ინიციატივის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების საკონტაქტო პირები, ევროკავშირისა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტი ევროკავშირის ახალი პროექტის – „სასურსათო უსაფრთხოების, დაცულობისა და გაყალბებისგან თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება“ (P114) – ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიების ქსელი, აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებები და სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არსებული ძირითადი შესაძლებლობები გააცნეს. ასევე განიხილეს, როგორ გამოიყენება ლაბორატორიული კვლევის შედეგები ოფიციალური კონტროლისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმებში.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება მიეცათ ლაბორატორიული კვლევის პროცესი პრაქტიკულად ენახათ – ერთი ნიმუშის მაგალითზე მისი ლაბორატორიაში მიღებიდან და იდენტიფიცირებიდან, კვლევის ეტაპების გავლით, საბოლოო ანგარიშის მომზადებამდე.

საერთაშორისო დელეგაციამ დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მრავალფეროვანი კვლევითი შესაძლებლობები სურსათის ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ინსტრუმენტული კვლევების მიმართულებით. დადებითად შეფასდა ასევე  ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და კვლევის პროცესის ორგანიზება. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ლაბორატორიის მნიშვნელობას სასურსათო უსაფრთხოებისა და დაცულობის მიმართულებით და გამოთქვეს ლაბორატორიასთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი ხელს უწყობს საქართველოს ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და სასურსათო უსაფრთხოებისა და დაცულობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.

Back to top button