დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე კრიმინალური ღრუბელი ჩამოწვა – წარმომიდგენია, კორუფციის რა „ჯეკპოტია“ მოხსნილი დღეს, საერთაშორისო ლობიზმისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით

„ბულგაკოვის ნაწარმოების ეპიზოდში, ბოლოს სახლმმართველობაში მხოლოდ ერთი საწყალი მდივანი დარჩება, სამუშაო საათების შემდეგ საპირფარეშოში შუქის ჩასაქრობად დარჩენილი. იქნებ, მსგავსი კლერკი ევროსტრუქტურებშიც დაგვიტოვოთ, ვინაიდან არაა გამორიცხული – კორუფციონერებისაგან დაცლილი ევროკავშირი უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენთვის, სტატუსის მაძიებლობის უკვე შესრულებული დავალება მივიტანოთ იქ, მანდ კი კაციშვილი აღარ დაგვხდეს.“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო ლობიზმი და კორუფცია თვალსაჩინოა.

„ბულგაკოვის „ოსტატ და მარგარიტაში“ არის ეპიზოდი, როდესაც თავწაცლილი ბერლიოზის ბინის მაძიებლები მწყობრად ადგებიან სახლმმართველობას, ხოლო იქიდან ერთი მეორის მიყოლებით – „უპრავდომის“ წევრები, საბჭოური კორუფციის ბრალდებით გადაჰყავთ НКВД-ში. ასე არ მოხდეს ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც 12-პუნქტიანი ხაფანგიდან უვნებელად გამოსულები მივადგებით ევროკომისიას, რომლის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე კრიმინალური ღრუბელი ჩამოწვა, პანდემიის პერიოდში „ფაიზერთან“ დატრიალებული კორუფციული სკანდალის გამო, ხოლო ლობისტური კორუფციის საქმეზე, კვირა არ გადის – ახალ-ახალი ევროპარლამენტარი რომ არ დააკავონ. ბულგაკოვის ნაწარმოების იმ ეპიზოდში, ბოლოს სახლმმართველობაში მხოლოდ ერთი საწყალი მდივანი დარჩება, სამუშაო საათების შემდეგ საპირფარეშოში შუქის ჩასაქრობად დარჩენილი.

იქნება მსგავსი კლერკი ევროსტრუქტურებშიც დაგვიტოვოთ, ვინაიდან არაა გამორიცხული – კორუფციონერებისაგან დაცლილი ევროკავშირი უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენთვის, სტატუსის მაძიებლობის უკვე შესრულებული დავალება მივიტანოთ იქ, მანდ კი კაციშვილი აღარ დაგვხდეს. ახლა ვხვდები, რატომ არის ევროკორუფციაზე ინტერნეტში გაპარული მხოლოდ ერთადერთი ინფორმაცია, დათარიღებული 2014 წლით, როდესაც იმდროინდელმა „საშინაო პოლიტიკის საკითხებში“ ევროკომისარმა ქალბატონმა სესილია მალსტრიომმა გაბედა და თავის წლიურ ანგარიშში 120 მილიარდი ევროს ოდენობის კორუფციულ ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება – რაც მაშინ BBC-იმ გააჟღერა, ხოლო ქალბატონი სესილია მას შემდეგ ევროკომისარი აღარ იყო. წარმომიდგენია რა „ჯეკპოტია“ მოხსნილი დღეს, საერთაშორისო ლობიზმისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

Back to top button