ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს. სამართლიანობს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს აქვს სასჯელი მოსახდელი იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მან კონკრეტულად ჩაიდინა და მან ის სასჯელი უნდა მოიხადოს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანობა და სიმართლე არის ის, რომ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის საერთაშორისო მედიით და ადგილობრივ დონეზე, არის სრული სპეკულაცია და ეს არის კოორდინირებული მოქმედება ძალიან ბევრი სხვადასხვა სუბიექტის, რომელიც ცდილობს ამ საკითხის მაქსიმალური აქტუალიზაცია მოახდინოს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ის მედია დაფარვა, რომელიც იყო და არის სააკაშვილის საკითხის მიმართ, არის არა ობიექტური ინტერესის, არამედ დაქირავებული მილიონიანი კამპანიის შედეგი.

ეს არის ობიექტური რეალობა. თუმცა, ამავდროულად იმასაც ვიტყვი, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რეზოლუცია იქნა მიღებული, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარი არის ერთი რამ, საზოგადოებას, მათ შორის მათაც ვინც სააკაშვილის მეგობრები არიან, ვინც სააკაშვილთან ერთად მუშაობდა, ვისაც ფულს უხდიდა, მათაც არ უჩნდებათ შეკითხვა, სააკაშვილის სასჯელი არის უსამართლო თუ არა.

სააკაშვილის სასჯელი არის სამართლიანი, მან უნდა მოიხადოს ეს სასჯელი, მაგრამ სანამ ჩვენ და ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის უკან დგანან, მათ შორის პოლიტიკოსები, არ შეაფასებენ და რეალურად არ დაინახავენ იმ სიმძიმეს და იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 2012 წლამდე და ამ ყველაფერზე იტყვიან, რომ ეს იყო დემოკრატიული განვითარების გზა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იქნებიან ადამიანები, ვინც იტყვის, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის ლიდერი, რომელიც უნდა დაიხსნან ციხიდან.

თვალი უნდა გავისწოროთ სიმართლეს, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხზე მომავალშიც საუბარი, მაგრამ როგორც პრემიერმა თქვა, სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Back to top button